კელი დეგნანი - სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, ძალიან ვაფასებთ ამ საქმეში პრემიერ-მინისტრის, საქართველოს როლს
აშშ მიესალმება დაკავებულების გათავისუფლებას, ეს ის ნაბიჯებია, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხდა, რომელიც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას.
ელჩის თქმით, ძალიან აფასებენ ამ პროცესში პრემიერ-მინისტრის, საქართველოს როლს.
„როგორც ვთქვით, აშშ მიესალმება დაკავებულების გათავისუფლებას. ეს ის ნაბიჯებია, რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის, საქართველოს როლს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება რეგიონის სტაბილურობისთვის, როდესაც სამი ქვეყანა ერთად მუშაობს. ეს ასევე გულისხმობს რეგიონის კეთილდღეობას. აშშ-ის მთავრობა ამაყი იყო, რომ ნახა ასეთი წარმატებული შედეგი, რაც აგზავნის ძალიან ძლიერ მესიჯს – სტაბილურობის, დამატებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას, რომ ეს გრძელი კონფლიქტი დაასრულოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.
განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.