კელი დეგნანი - არ ვეთანხმები არანაირ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ოპოზიციის შევიწროებას ითვალისწინებს
კელი დეგნანი - არ ვეთანხმები არანაირ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ოპოზიციის შევიწროებას ითვალისწინებს

არ ვეთანხმები არანაირ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ოპოზიციის შევიწროებას ითვალისწინებს, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვას, რომელიც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას შეეხება.

როგორც ელჩმა განაცხადა, ის ამ ინციატივას არ ეთანხმება.

„არ ვეთანხმები წამოყენებულ ინიციატივას და არანაირ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ოპოზიციის შევიწროებას ითვალისწინებს ან უზღუდავს მათ მედიასთან წვდომას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რაც სჭირდება, რათა შემდეგ ლიდერებს დააკისრონ პასუხისმგებლობა. ვიმედოვნებ, ეს კანონპროექტი გადაიხედება, ვიდრე მიიღებენ. ახლა საქართველოს დემოკრატიას სჭირდება განვითარებული, წარმატებული ოპოზიცია და პასუხისმგებლობის მქონე, ეფექტური მმართველი პარტია“, – განაცხადა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი და ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება.

„ერთპარტიული პარლამენტი ძალიან სამწუხარო უკუსვლა იქნება. ამომრჩევლებმა აირჩიეს ცხრა პარტია. ეს იყო მკაფიო განცხადება. მრავალფეროვანი წარმომადგენლობა სურდათ პარლამენტში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.