კელი დეგნანი - ადგილებზე, სადაც ვიყავი, გარემო იყო მშვიდი, პროცესი კარგად ორგანიზებული, მოვუწოდებ ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა ამომრჩეველმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველო შეძლებს პანდემიის კონტროლზე მეტ ფოკუსირებას. როგორც დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ტრაგედიაა, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში უკვე კორონავირუსით გარდაცვალების საერთო რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.
„ახლახან მივიღე ძალიან სამწუხარო ამბავი, რომ დღეს საქართველოში კოვიდით გარდაცვალების საერთო რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია. ეს უბრალოდ ტრაგიკული ამბავია ყველა ქართველისთვის, რომელმაც საყვარელი ადამიანი დაკარგა ამ ძალზედ საშიში დაავადების გამო და, ვფიქრობ, მთელი ქვეყნისთვის, ეს დიდი უკუსვლაა. იმედი მაქვს, ამ არჩევნების შემდეგ საქართველო შეძლებს პანდემიის კონტროლზე მეტ ფოკუსირებას და ამ სულისშემძვრელი რიცხვების შემცირებას. 10 000 ქართველის კოვიდით დაღუპვა ტრაგედიაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მან რუსთავსა და კრწანისში უბნებზე საარჩევნო პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილებზე, სადაც იმყოფებოდა, ვითარება იყო მშვიდი და პროცესი კარგად ორგანიზებული.
„მაქვს პრივილეგია, რომ შემიძლია არჩევნების პროცესზე დაკვირვება რუსთავსა და კრწანისში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და დიდი დღეა. მოხარული ვარ, რომ ამომრჩევლები მოდიან უბნებზე და ხმას აძლევენ. ეს არის პროცესი, რომელიც ფუნდამენტურია ჯანსაღი დემოკრატიის ასაშენებლად. მსურს, მადლობა ვუთხრა ყველა მუშაკს, რომლებიც მუშაობენ საუბნო და საოლქო დონეზე. ყველა ადამიანს, პოლიციას, რომელიც ცდილობს, მხარი დაუჭიროს მშვიდ და კარგად ორგანიზებულ გარემოს. მოხარული ვარ გითხრათ, რომ ადგილებზე, სადაც ვიყავი, გარემო იყო მშვიდი, პროცესი კარგად ორგანიზებული და ადმინისტრირებული“, – განაცხადა დეგნანმა.
კელი დეგნანმა მოუწოდა ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა ამომრჩეველმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა.
„საქართველოს მასშტაბით საელჩოს ჰყავს 70-მდე ადამიანისგან დაკომპლექტებული 26 ჯგუფი, რომლებიც ხედავენ განსხვავებულ რაღაცებს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. არის ინფორმაცია მედიასა და საარჩევნო დამკვირვებლებზე თავდასხმების შემთხვევებზე, როდესაც არ ეძლევათ უბნებზე შესვლის საშუალება, ასევე მხარეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე. უბრალოდ მოვუწოდებ ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა ამომრჩეველმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა. ჩვენ გვსურს მაღალი აქტივობა, რათა ქართველმა ლიდერებმა შეძლონ მოსახლეობის ხმის გაგება, რა არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. ასე მუშაობს დემოკრატია საუკეთესოდ. ვიმედოვნებ, მოსახლეობა გამოვა. ატარეთ ნიღბები, მაგრამ გამოდით და მიეცით ხმა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
მან ჟურნალისტებთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ეს არჩევნები ასევე კარგი შესაძლებლობაა იმის დასანახად, რამდენად მუშობს გასულ ზაფხულში დამტკიცებული საარჩევნო რეფორმა. ვფიქრობ, ამის კარგი მაგალითია კრწანისი, სადაც გვაქვს ელექტრონული არჩევნები. ბოლო არჩევნებზე ჩანდა, რომ კარგად მუშაობდა, იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ხელახალი დათვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო არჩევნების შედეგზე ნდობის გასაძლიერებლად, რაც არის საბოლოო მიზანი, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს ნდობა ამ არჩევნების შედეგებზე და ქვეყანა წინ წავიდეს. საარჩევნო რეფორმებზე მოლაპარაკება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის გაიმართა. ეს იყო ძალიან წარმატებული მაგალითი იმისა, რომ ლიდერები სრულიად განსხვავებული პარტიებიდან, ზოგჯერ საკმაოდ მოწინააღმდეგე პარტიებიდან შეიკრიბნენ და კანონი გააუმჯობესეს საქართველოს საარჩევნო პროცესისთვის. მე ვიტყოდი, ახალმა პარტიებმა, პატარა პარტიებმა უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში. ბევრი გაუმჯობესება, რომელიც კარგად მუშაობს, ამჯერად არის ზოგიერთი პატარა პარტიის ლიდერების მუშაობის შედეგი. ვფიქრობ, ეს გვიჩვენებს, რა მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ამ პარტიების მრავალფეროვნებას საქართველოს საარჩევნო პროცესის გაძლიერებაში. ასე რომ, ყოველი არჩევნები არის პატარა ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობა და ვიმედოვნებ, ეს არის ის, რასაც დღეს და ხვალ ვნახავთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.