სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 თებერვალს თბილისში, კაზინო „აჭარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა ერთი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
ამასთან, მისივე თმით, გუშინ თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში, მოქალაქე ცივი იარაღის მუქარით ყაჩაღურად თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მამუკა ჭელიძის თქმით, ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს პრევენციული ღონისძიებებს და დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.