„კავკასიური სახლი“ - ვინ და რატომ იბრძვის საქართველოში თავისუფალი აზრის, აზროვნებისა და პლურალიზმის წინააღმდეგ
„კავკასიური სახლი“ - ვინ და რატომ იბრძვის საქართველოში თავისუფალი აზრის, აზროვნებისა და პლურალიზმის წინააღმდეგ

„კავკასიური სახლი“ განცხადებას აქვეყნებს. განცხადება შეეხება „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF)  კვლევას. აღნიშნულ კვლევაში რამდენიმე მონაკვეთი ეთმობა პირველი არხის ანალიტიკური გადაცემა „42-ე პარალელის“ კრიტიკას.

„კავკასიური სახლის “ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის მარტის დასაწყისში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო კვლევამ „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევა ჩაატარა „მედიის განვითარების ფონდმა (MDF)“ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით. ორმოცდათოთხმეტგვერდიანი დოკუმენტის რამდენიმე მონაკვეთი ეთმობა პირველი არხის ანალიტიკური გადაცემის – „42-ე პარალელი“ კრიტიკას.

„მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევრები მიიჩნევენ, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსთა ხედვები „კრემლისტური ოპოზიციური პარტიის – პატრიოტთა ალიანსის და რუსეთის ხელისუფლებისა და მედიის პოციზიებთან იყო თანხვედრაში“. მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია თავის პუბლიკაციაში, თქვენ წარმოიდგინეთ, გადაცემის „ტონსაც“ ზომავს და საზოგადოებას შესაბამის პროცენტულ მაჩვენებლებსაც კი აუწყებს. ჯორჯ სოროსის ფონდის დაფინასებით გამოქვეყნებულ ბროშურაში ვკითხულობთ: „მონიტორინგის პერიოდში „42 პარალელში“ პირდაპირი გაშუქებისას ყველაზე მაღალი ნეგატიური ტონით საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა იყო წარმოჩენილი (100%)… მაღალი იყო ასევე ევროკავშირის მიმართ ნეგატიური ტონიც (41.3%), რასაც რამდენიმე სიუჟეტი დაეთმო.“ კვლევის ავტორებს მათ მიერ „გამოანგარიშებულ“ მაჩვენებელთა დასაბუთების მიზნით მოჰყავთ გადაცემის რამდენიმე წამყვანის მიერ ეთერში გამოთქმული მოსაზრება.

„მედიის ანალიტიკოსებს“ მიაჩნიათ, რომ რაკი პოლიტოლოგი მათე გაბიცინაშვილი საბერძნეთის ეკონომიკური კოლაფსის წარმოქმნაში პასუხისმგებლობას აკისრებს  მსოფლიო სავალუტო ფონდს, ევროკომისიასა და ევროპის ცენტრალურ ბანკს, ამით იგი  რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამასთანავე, „მედიის განვითარების ფონდი“ დაუშვებლად მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტ შოთა თხელიძის მიერ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მწვავე კრიტიკას. ტრამპის მიერ ირანის ატომური შეთანხმების უპირობოდ დატოვება და ერაყის  შიიტური მთავრობის გადანაცვლება  თეირანის ორბიტაზე  – უპრობლემო, დუმილით აღსაქმელი მოვლენა ყოფილა. სავარაუდოდ, დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს არაფერი სმენიათ ნობელის პრემიის იმ ლაურეატების შესახებ, რომლებიც არამხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების გაღარიბების საქმეშიც პირდაპირ მიუთითებენ მსოფლიოს სავალუტო ფონდისა და სხვა დასახელებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დანაშაულზე. შეიძლება მათ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებიც გამორჩათ, სადაც უმაღლესი რანგის დიპლომატები უპირისპირდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის ატომური შეთანხმებიდან გასვლის გამო. დარწმუნებულნი ვართ, MDF-ის მოწინავე თანამშრომლები არც ერაყის შიდაპოლიტიკის თაობაზე შექმნილ ლიტერატურას იცნობენ. (დასაწყისისთვის ვურჩევდით „კავკასიური სახლისა“ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ გამოცემულ „მწვანე ანთოლოგიას“, სადაც მაღალი რანგის  ევროპელი ექსპერტები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ დასავლეთის ეკონომიკურ პოლიტიკას).

„მედიის განვითარების ფონდის“ ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენი საზოგადოების მცირერიცხვოვან, მარგინალურ, მაგრამ ფინანსურად დაწინაურებულ წრეებში კიდევ უფრო გაძლიერდა „42-ე პარალელის“ ანალიტიკოსთა „სამშობლოს მოღალატეებად“ და „კრემლის აგენტებად“ გამოცხადების ტენდენცია. „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლებმა მათ მიერ დაფინანსებულ კვლევებში გამოთქმული დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი მოსაზრებების უმცირესი ნაწილი უმნიშვნელო გადაცდომად მიიჩნიეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიწვეულმა სოროსის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან ხუციშვილმა თითქმის მთელი თავისი გამოსვლა კვლავ „42-ე პარალელის“ წამყვანთა ანტიდასავლურ განწყობებზე საუბარს მოანდომა, ხოლო მის მიერ დაფინანსებული ჯგუფის მართლაც  უგვანო ქცევაში ვერანაირი პრობლემა ვერ დაინახა.

ამის შემდეგ გვსურს ვთქვათ: „კავკასიური სახლი“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. დასავლური ლიტერატურისა და აზროვნების  უმნიშვნელოვანესი ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნით და სხვა აქტივობებით ჩვენი ორგანიზაცია ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში ცდილობდა  ცოცხალი ხიდების გადებას დასავლეთის კულტურასთან, რისთვისაც მას მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უხდებოდა. განსაკუთრებით გაძლიერდა აგრესია „კავკასიური სახლის“ წინააღმდეგ პოსტსაბჭოთა ეპოქაში რუსეთის რეაქციული ძალების მხრიდან, რადგანაც იგი ავითარებდა რეგიონული განვითარების კონცეფციას, ანუ საერთო კავკასიური სოლიდარობისა და თანამშრომლობის იდეას. ამ აგრესიამ კულმინაციას მიაღწია  რუსეთ – ჩეჩნეთის ორივე ომის დროს, როდესაც „კავკასიურმა სახლმა“ შეიფარა არაადამიანურ სისასტიკეს გამოქცეული ჩეჩენი ლტოვილები  და დაიწყო რუსულენოვანი გაზეთის „კავკაზსკი აქცენტ“-ის გამოცემა, რათა  ობიექტურად მოეთხრო ამ ომის საშინელებათა შესახებ. პასუხად რუსეთის ცენტრალური ტელეარხები მთელი მსოფლიოს გასაგონად „ტერორისტულ ცენტრად“ აცხადებდნენ სამშვიდობო ორგანიზაციას – „კავკასიურ სახლს“.  შემდგომში სწორედ რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნით გადაწყვიტა სააკაშვილის ხელისუფლებამ „კავკასიური სახლის“ გაძევება ევროპული ფონდის მიერ

მისთვის აშენებული შენობიდან (ამ საქმეს ახორციელებდნენ  მაშინდელი კულტურის  სამინისტრო,  ქ-ნ სანდრა რულოვსი და „რუსული კლუბი“), და მხოლოდ საქართველოსა და დასავლეთის მძაფრმა პროტესტმა იხსნა ორგანიზაცია დაგეგმილი რეპრესიებისგან.

ამ ყოველივეს იმიტომ ვიხსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი მსგავსი „კვლევის“ ავტორებმა „კავკასიურ სახლსაც“  დასდეს ბრალი „რუსულ ორიენტაციაში“, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვახორციელებდით ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებულ (!) პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ჩამოგვყავდა სხვადასხვა რუსი ექსპერტები და ადგილზე ვარკვევდით მათ სიტუაციაში, მიგვყავდა ოკუპაციის ზონაშიც, ვაჩვენებდით მავთულხლართებს და ა.შ. რადგან „კავკასიურ სახლს“ -კავკასიის უძველეს სამშვიდობო ორგანიზაციასა და სახალხო დიპლომატიის კერას – აუცილებლად მიგვაჩნია რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენა დასავლეთის მონაწილეობით და სულ არ გვაინტერესებს  პოლიტიკას მიტმასნილი უმეცარი და უპასუხისმგებლო სუბიექტების აზრი და არც  ის, თუ ვის პოზიციას ემთხვევა ჩვენი პოზიცია, რადგან ყოველთვის მოტივაციაა მთავარი: ანუ რამდენად უანგარო და კვალიფიციურია ესა თუ ის ხედვა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ როგორც საქართველოში, ისე სხვაგან არსებობს (სავარაუდოდ, იარაღით  მოვაჭრე ტრანსნაციონალურ კომპანიებთან დაკავშირებული) ომის პარტია თავისი მრავალრიცხოვანი მუშაკებით, რომელიც მუდამ ომის წარმოებას ესწრაფვის და ამიტომ ძირში სპობს მშვიდობის აღდგენის ყოველ მცდელობას.

„კავკასიური სახლის“ თანამშრომლებს არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელთა კრიტიკისაგან შეუკავებიათ თავი, როცა ეს საჭიროდ მიაჩნდათ. ჩვენთვის ტელევიზიის კარი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მომძლავრების პერიოდებში იღება ხოლმე. „კავკასიური სახლის“ გამგეობის ზოგიერთი წევრის მიმართ გამოძიებაც კი მიმდინარეობს მაუწყებლის შენობაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლის გამო. მაშასადამე, ჩვენთვის არც დასავლური ცივილიზაციის ფუნდამენტური პრინციპებია უცხო, არც იმპერიალისტური პოლიტიკისადმი დაუმორჩილებლობის გამოცდილება გვაკლია და არც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კრიტიკას მოვრიდებივართ. ჩვენ სულ სხვა რამ გვაშფოთებს:

„42-ე პარალელის“ გუნდის  ხელმძღვანელობით  შექმნილი ეს გადაცემა წარმოადგენს ნამდვილ გარღვევას ჩვენს ერთიან, გონების დამაჩლუნგებელ ტელესამყაროში: განათლებული ახალგაზრდების ამ გუნდმა  შექმნა სააზროვნო სივრცე, სადაც მაყურებლებს ბოლოს და ბოლოს შეუძლიათ დაიკმაყოფილონ აზროვნების მოთხოვნილება და უნარი. როგორც იქნა, დაგვეუფლა სიმშვიდე, რომ გაჩნდნენ ანალიტიკოსები, რომლებიც მაღალი რანგის  უცხოელ  ექსპერტებთან თუ მეცნიერებთან  საუბარში თავს კი არ მოგვჭრიან, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, არამედ – გვასახელებენ. და მართლაც, სიამაყით ვუყურებდით ცოტა ხნის წინ, რა მაღალ დონეზე მიჰყავდა პოლიტ-ეკონომისტ ტატო ხუნდაძეს საუბარი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ მრჩეველთან, პროფესორ ჯეფრი საქსთან, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან სამ ეკონომისტს შორის სახელდება. მაგრამ რადგანაც დღევანდელ საქართველოში არაფერი არ იწვევს ისეთ გაღიზიანებას, როგორც აზროვნება, მოსალოდნელი იყო, რომ ახალგაზრდა ინტელექტუალები  მადლობას  კი არ მიიღებდნენ, არამედ – პირიქით. და აი, ვენდეტამაც არ დაახანა:

ახლა ვიკითხოთ, ვინ არიან ამ „კვლევის“ ავტორები, კვლევისა, რომელიც სხვათა შორის, დიდი უღიმღამობით და ცუდი ქართულით (რომ არ ვთქვათ – უნიჭობით) გამოირჩევა.

MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი  გახლავთ ქ-ნი თამარ კინწურაშვილი, რომელიც  დასახელებული კვლევის ერთ-ერთი ავტორია. თამარ კინწურაშვილი 2005-2009 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.  ამ ხნის განმავლობაში, როგორც ყველას მოგვეხსენება, მაშინდელი ხელისუფლების წყალობით საქართველოში უამრავი საშინელება  მოხდა, იქნება ეს გირგვლიანის წამებით მოკვლა, რობაქიძის და სხვა ახალგაზრდების ქუჩაში ჩაცხრილვა, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების  სასტიკი დარბევა, პატიმართა წამება და ღირსების აყრა, კერძო საკუთრების წართმევა და ა.შ. ამ ყველაფრის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაშინდელი ხელისუფლების ინტერესების მთავარი რუპორი გახლდათ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტელევიზია დახურული იყო  „ნაციონალური მოძრაობისადმი“ კრიტიკულად განწყობილი პირებისათვის.  იმ პერიოდში ტელევიზიიდან შრომის უფლებების სრული დარღვევით გაათავისუფლეს  დიდი დამსახურების მქონე, წამყვანი თანამშრომლები. თამარ კინწურაშვილის დიდი მონდომებით დაიხურა არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ანალიტიკური გადაცემა. აგრერიგად „გამართული“ ტელევიზიის რეიტინგი ოთხი წლის განმავლობაში კატასტროფულ ნიშნულებს უტოლდებოდა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ არაადამიანური ავტორიტარული რეჟიმის მსახურსა და ურეიტინგო, ხელისუფლებას დაქვემდებარებული საზოგადოებრივი მაუწყებლის შემქმნელს მორალური უფლება არ აქვს განსაჯოს მედიის ობიექტურობის ხარისხი და გაზომოს  ევროატლანტიკური ინსტიტუტების მიმართ ამა თუ იმ ანალიტიკოსის „ნეგატიური  ტონი“.

ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ კვლევის („საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“) ავტორთა კვალიფიკაციას პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და აღმოსავლეთმცოდნეობის დარგებში. ჩვენ ვფიქრობთ,  მათ არ აქვთ სათანადო ცოდნა, რათა სრულყოფილად შეაფასონ მათე გაბიცინაშვილის, შოთა თხელიძის, ტატო ხუნდაძისა და სხვათა არგუმენტები. მოვუწოდებთ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაინტერესდეს მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციათა საქმიანობით და სათანადოდ შეაფასოს მათი თანხით დაქირავებულ მკვლევართა კომპეტენცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსთა შეჩვენების მცდელობა ერთ საგანგაშო გარემოებაზე მიანიშნებს: თანამედროვე  ინკვიზიტორებად ქცეული ორგანიზაციები დასავლურ საზოგადოებაზე მსჯელობისას კატეგორიულად მოითხოვენ უარის თქმას კრიტიკულ ანალიზსა და ობიექტურ შეფასებაზე. მათ ევროატლანტიკური თანამეგობრობის პრობლემებზე თუ შეცდომებზე საუბარი „კრემლისტურ ნარატივად“ მიაჩნიათ. ოცდამეერთე საუკუნის „ფიქრების პოლიცია“ ნეოლიბერალიზმის ყველა ოპონენტს სამშობლოს მოღალატედ და რუსეთის აგენტად აცხადებს, რათა ვეღარავინ შეამჩნიოს თანამედროვე მსოფლიოს რეალური პრობლემები,  აღარავინ იბრძოლოს ტექნოკრატთა და კაპიტალისტთა მიერ დედამიწის გაჩანაგების წინააღმდეგ, აღარავინ დააფასოს ჩაგრული ხალხების მიმართ  სოლიდარული, ქრისტიანულ ღირებულებებზე, ჰუმანიზმზსა და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული  ევროპა.

დიახ, სწორედ საბჭოთა ანტიპლურალიზმის ტრადიციების  თანამედროვე გამგრძელებლებმა – ქართული ნეოლიბერალიზმის ადეპტებმა და ამავდროულად, სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დასაყრდენებმა დააეჭვეს საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიის სიკეთეში. მათი სახით ჩამოყალიბდა ახალი ტიპის ფარისეველთა და დამსმენ-ცილისწამებელთა  კასტა, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ დასავლური ფონდები, საელჩოები თუ  სხვა დონორი ორგანიზაციები, რომ მხოლოდ თავად წარმოადგენენ ქართული დემოკრატიის ბურჯებს, (ამიტომ იმსახურებენ ფულად ჯილდოებს),  ხოლო განსხვავებული აზრისა თუ პოზიციის მქონე, ან უბრალოდ, ობიექტურად მოაზროვნე ადამიანები „მხილებულ“ და შეჩვენებულ უნდა იქნენ.

„კავკასიური სახლი“ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის – „42-ე პარალელი“- შემოქმედებით ჯგუფს „ლიბერალური ჟანდარმერიის“ მიერ დაწესებული ცენზურის გაუქმების საქმეში და  უსურვებს დიდხანს და წარმატებით სიარულს  დამოუკიდებელი აზროვნების გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.