„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, რომ საგარეჯოდან გადაყვანილი ერთ-ერთი პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მზადდება ოპერაციისთვის
„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ დიხამინჯიას განცხადებით, საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნება, ოპერაცია ჩაუტარდება.
როგორც დიხამინჯიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„დაახლოებით 04:00 საათზე საგარეჯოს რაიონის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს ახალგაზრდა ქალბატონი მარცხენა თვალის უცხო სხეულის ნაფლეთი ჭრილობით და ის მზადდება საოპერაციოდ. მალე დაიწყება ოპერაცია. პაციენტის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ოთარ დიხამინჯიამ.
რაც შეეხება თვალის დაკარგვის საშიშროების შესახებ კითხვას, „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.
ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.