„კავეა გალერიაში“ ვასილ მაღლაფერიძის დოკუმენტური სერიალის „მოგზაურობა ისტორიაში - აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“ პრემიერა იმართება
„კავეა გალერიაში“ ვასილ მაღლაფერიძის დოკუმენტური სერიალის „მოგზაურობა ისტორიაში - აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“ პრემიერა იმართება

„კავეა გალერიაში“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დოკუმენტური სერიალის, „მოგზაურობა ისტორიაში – აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“ პრემიერა იმართება.

„მოგზაურობა ისტორიაში – აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“ ვასილ მაღლაფერიძის საავტორო პროექტია.

დოკუმენტური სერიალი მოგვითხრობს საქართველოზე გამავალ უძველეს საქარავნე გზაზე, რომელიც კავკასიონის ჩრდილოეთით და სამხრეთით არსებულ ცივილიზაციებს აკავშირებდა ერთმანეთთან. მარშრუტი გაივლიდა ალპურ მდელოებს, სუბტროპიკებს, ჩანჩქერებით დასერილ მდინარეებს, უნიკალურ ტყეებს, რომელთაც ადამიანის ხელი დღემდე არ შეხებიათ, მზით გადამწვარ უდაბნოს და, სპარსეთის გავლით, მიემართებოდა შუა აზიისკენ, ინდოეთისკენ და ჩინეთისკენ. დიდი იმპერიები თითქმის სამი ათასი წელი ებრძოდნენ ერთმანეთს კავკასიური მაგისტრალის გამო. აქ გაუვლიათ უზარმაზარ არმიებს და აურაცხელი სიმდიდრით დატვირთულ ქარავნებს. კავკასია წარმოადგენდა ცივილიზაციათა შეჯახების და კულტურათა დიალოგის ადგილს და სწორედ არსებული გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებდა საქართველოს კულტურულ-პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ ისტორიას.

„დოკუმენტური სერიალი „მოგზაურობა ისტორიაში – აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“ მოგვითხრობს საქართველოზე გამავალ იმ გზაზე, რომელიც სძენდა ჩვენს ქვეყანას გეოპოლიტიკურ ფუნქციას. სწორედ ამ ფუნქციით ვცხოვრობდით საუკუნეების განმავლობაში. ეს იყო ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციასთან ზიარების მნიშვნელოვანი გზა. ამავე დროს, ამ გზას ხშირად მოჰქონდა ცეცხლიც, მახვილიც და აი, ეს არის ის გზა, რომლის გარშემოც განვითარდა საქართველოს ისტორია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

დოკუმენტური სერიალი 10 ეპიზოდისგან შედგება.

მაყურებელი პროექტს 14 ნოემბრიდან, ყოველ კვირა დღეს, 19:00 საათზე საქართველოს პირველი არხის ეთერში ნახავს.

ამასთან, მაყურებელი პროექტის პრემიერას საქართველოს პირველი არხის აპლიკაციაში – 1TVPLAY შაბათს, 19:00 საათზე იხილავს.