კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენს, მის მოადგილეებსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მიღებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები.
„შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.
სტუმრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიით და მისი როლით დღევანდელ საზოგადოებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დელეგაციის წევრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია გააცნო და აღნიშნა, რომ ჩვენი ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა დაფუძნებულია ქრისტიანობაზე და რომ ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქმა ანდრეას ნორლენს და შვედეთის ხელისუფლებას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი და საქართველოს სხვა მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს.
შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის სახელით მიღებისთვის კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე მუდამ იქნებიან საქართველოს პოზიციის გამზიარებლები, ამასთან, დასძინა, რომ ისინი იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონაში და ნახეს მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა.