ჯუზეპე პაზოტო - ყველა ქრისტიანისთვის შობა არის სასიხარულო ამბავი, ვულოცავ მათ ქრისტეს შობას
ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ კათოლიკე ეკლესიაში.
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ტაძარში შესრულდა საშობაო საგალობლები.
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ პირველ არხთან საუბრისას ყველა ქრისტიანს მიულოცა შობის დღესასწაული.
„ყველა ქრისტიანს, ყველას, ვისთვისაც არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღესასწაული, იესო ქრისტეს შობა, მინდა მივულოცო. ღმერთი განკაცდა, ღმერთი გახდა ჩვეულებრივი ადამიანი და ყოველი ჩვეულებრივი ადამიანი გახდა ღმერთის სიყვარულის ცენტრში. ამიტომ ყველა ქრისტიანისთვის ეს არის სასიხარულო და სახარებისეული ამბავი, ვინაიდან სახარება არის ზუსტად ეს – მე ვარ თქვენთან ერთად მუდმივად“, – განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.
კათოლიკე ეკლესიაში ღვთისმსახურება ღამის 01:30 საათამდე გაგრძელდება.