კატისა და ძაღლის გამრავლების უფლება მხოლოდ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საშენებს ექნებათ
ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების უფლება მხოლოდ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საშენებს ექნებათ. შესაბამისი ცვლილებები „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის მიხედვით, მეპატრონე, რომელიც დაინტერესებულია ცხოველის გამრავლებით, ვალდებული იქნება, საშენს მიმართოს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პატრონიან ცხოველთა გამრავლება მიზნობრივი და გეგმაზომიერი უნდა იყოს. მეპატრონეს მოეთხოვება, საშენს შემდეგი სახის ცნობები წარუდგინოს: ცნობა ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ვეტერინარული დაწესებულებიდან და ასევე, ცნობა ცხოველის ჯიშიანობასა და გამრავლებაზე ვარგისიანობის შესახებ კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებიდან.
ამასთან, ცვლილებებით, ძაღლებისა და კატების გამრავლებასთან დაკავშირებით შემდეგი აკრძალვები შემოდის: იკრძალება ნარევი (მეტისი) ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, გარდა სელექციის შემთხვევისა; ცხოველის გამრავლება, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში; გენეტიკური დაავადების მქონე ცხოველის გამრავლება; თვრამეტ თვემდე და რვა წლის ზემოთ ასაკის ძაღლის გამრავლება; გარეული ცხოველის შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველთან; ძუ ძაღლების გამრავლება წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ; ასევე, იკრძალება ორი თვის ასაკამდე ლეკვის დედისგან მოშორება.
გარდა ამისა, მთავრობა უფლებამოსილი იქნება, დაადგინოს მომეტებული/პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლების დროებითი აკრძალვები, ძაღლის მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლების უზრუნველსაყოფად.
ე.წ. მეტისი ცხოველების პატრონები ვალდებული ხდებიან, უზრუნველყონ მათი კასტრაცია/სტერილიზაცია ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან სამი თვის ვადაში. პროექტით, ძუ ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია დასაშვებია ოთხი თვის ასაკიდან, ხოლო ხვადის კასტრაცია – ერთი წლის ასაკიდან.