კატებმა ძალიან კარგად იციან თავიანთი სახელები, მაგრამ უბრალოდ არ გვიმჩნევენ - ახალი კვლევა
კატებს უკარებას რეპუტაცია აქვთ. იაპონელ მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, მათი ასეთი რეპუტაცია კიდევ უფრო ძლიერდება. როგორც ირკვევა, კატები ადამიანებს მუდმივად გვაიგნორებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის პატრონებს ძალიან ცოტა ძალისხმევა სჭირდებათ თავიანთ ოთხფეხა მეგობრების ყურადღების მისაქცევად, კატების შემთხვევაში სიტუაცია სრულიად სხვაგვარადაა. ძაღლები შეიძლება გავწვრთნათ ისე, რომ ჩვენ მიერ წარმოთქმული მრავალი სიტყვა გაიგონ, მაგრამ კატები ხანდახან ჩვენს არსებობასაც კი არ იმჩნევენ.
საინტერესოა, სად არის ჩვენი შესაძლებლობათა ზღვარი შინაურ კატებთან ვოკალური კომუნიკაციისთვის? ჩატარდა მრავალი კვლევა, რომელიც ძაღლების მიერ ადამიანთან ვოკალურ კომუნიკაციის გზებს მიეძღვნა, მაგრამ რაც შეეხება კატებს, თუ როგორ იგებენ ისინი ადამიანთა მეტყველებას — ეს სფერო შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი.
იმის გასარკვევად, ანსხვავებენ თუ არა კატები ადამიანთა მიერ წარმოთქმულ მათ სახელებსა და სხვა სიტყვებს, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ექსპერიმენტთა სერია ჩაატარეს, რომელშიც 78 კატა მონაწილეობდა.
კატები წარმოდგენილი იყვნენ როგორც სახლებიდან, ისე თავშესაფრებიდან. მეცნიერებს სურდათ შეემოწმებინათ ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, კატები შესაძლოა, სხვა სიტყვებს შორის კარგად არჩევენ თავიანთ სახელებს.
როგორც ავტორები წერენ, ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, ისინი სერიულად წარმოთქვამდნენ ოთხ სხვადასხვა სიტყვას, შემდეგ კი კატის სახელს.
მეცნიერთა განცხადებით, თუ კატები მიეჩვეოდნენ ოთხ სხვა სიტყვას და მათში საკუთარ სახელს განასხვავებდნენ, ექნებოდათ გარკვეული რეაქცია, რაც იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ისინი ძალიან კარგად სცნობენ თავიანთ სახელს.
ექსპერიმენტის ფარგლებში, მკვლევრებმა კატებს ჩაურთეს ჩანაწერები, რომლებშიც მათ სახელს იძახდნენ, მაგრამ მანამდე ისმოდა სხვა სიტყვები ან სხვა კატების სახელები.
პროცესს ვიდეოზე იღებდნენ, რომელიც შემდეგ დეტალურად გააანალიზეს, რათა გაერკვიათ, იყო თუ არა დახვეწილი განსხვავებები კატების პასუხებში — ყურების მოძრაობა, თავის მოძრაობა, ხმები, კუდის მოძრაობა ან გადაადგილება.
მკვლევრებმა ასევე შეამოწმეს, სცნობს თუ არა კატა კონკრეტული ადამიანის საუბარს, რისთვისაც პატრონებისა და თავად მკვლევართა ხმის ჩანაწერს ურთავდნენ.
კატების საპასუხო ქცევებზე დაყრდნობით მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ უმეტეს შემთხვევებში კატები კარგად ანსხვავებდნენ თავიანთ სახელებს სხვა სიტყვებისგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს; თანაც, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ ეძახდა კატას – პატრონი თუ უცხო ადამიანი.
თუმცა, აშკარა გამონაკლისები იყვნენ თავშესაფრის ბინადარი კატები — მათ მიერ სახელების შეცნობა იყო ძალიან ცუდი. ამის მიზეზი სავარაუდოდ მათი საცხოვრებელი გარემოა, სადაც მათ ყოველდღიურად უამრავი ადამიანის ხმა და მრავალი სხვადასხვა სიტყვა ესმით. ეს კი ართულებს სხვა კატების სახელებს შორის თავიანთ სახელის გამორჩევას.
მკვლევართა თქმით, შედეგები ნათლად მიუთითებს, რომ კატების შეუძლიათ ადამიანთა მიერ წარმოთქმული სიტყვების გარჩევა ფონეტიკურ განსხვავებებზე დაყრდნობით.
როგორც ჩანს, კატებმა ძალიან კარგად იციან, როცა ვეძახით, მაგრამ ურჩევნიათ, უბრალოდ არც შეგვიმჩნიონ.
კვლევის ავტორთა განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ევოლუციისას კატებს ადამიანთა რეპლიკებზე შეპასუხება არ ჩამოუყალიბდათ და ადამიანებთან კომუნიკაციას ისინი მაშინ ამყარებენ, როცა თავად სურთ.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.