კატარინა მატერნოვა - საქართველო რჩება საკვანძო პარტნიორად ევროკავშირისთვის, რაც გამოიხატება ყოველწლიურად 120 მილიონი ევროს გრანტში
საქართველო კვლავ რჩება საკვანძო პარტნიორად ევროკავშირისთვის, რაც გამოიხატება ქვეყნისთვის ყოველწლიურად 120 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო დახმარებით უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანი მატერნოვას აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების პროცესში.
ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივის შესახებ.
„განვიხილეთ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ინფორმაციის მიღება განათლების რეფორმის შესახებ, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, მოსახლეობის ღარიბი ნაწილისთვის, რადგან სწორედ განათლებაზე გადის ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა.
საქართველო კვლავ რჩება საკვანძო პარტნიორად ევროკავშირისთვის, რაც გამოიხატება ქვეყნისთვის ყოველწლიურად 120 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო დახმარებით უზრუნველყოფაში. ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროექტისთვის სასესხო დაფინანსებასთან ერთად, საგრანტო დახმარებით ჩართულობას ინფრასტრუქტურის, ბიზნესის განვითარებისა და განათლების მიმართულებით“, – განაცხადა კატარინა მატერნოვამ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ქვეყანაში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით, ევროკავშირის მხრიდან გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერასა და იმ საინვესტიციო პროექტებს, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის მეშვეობით (NIP) ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: წყალმომარაგება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სხვა.