კატარინა ბიორლინ ჰანსენი - საქართველოს ეკონომიკური ზრდა აღსანიშნავია, საინტერესო სანახავია კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში სურთ ბიზნესის გახსნა ან გადმოტანა
ძალიან კარგი და დინამიური დისკუსია შედგა დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი საკითხი ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგით ასე იყო ფორმულირებული – როგორ შეიძლება ინვესტორთა საბჭო დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე? – ამის შესახებ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
კატარინა ბიორლინ ჰანსენის თქმით, ამ მიმართულებით ბევრი რამ აქვს ქვეყანას გასაკეთებელი, ხოლო ინვესტორთა საბჭოს დიდი ექსპერტული რესურსი აქვს.
„დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას ნებისმიერი სახით, რითაც შევძლებთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღსანიშნავია. საინტერესო სანახავია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში სურთ ბიზნესის გახსნა ან გადმოტანა. ბევრი ადგილობრივი კომპანიაც ფიქრობს გაფართოებაზე. ეს ზოგადი ტენდენციაა ქვეყანაში და ეს ძალიან გვახარებს“, – განაცხადა კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
კატარინა ბიორლინ ჰანსენის კომენტარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.