„კატარგეიტის“ სკანდალის შემდეგ ევროკომისიამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების ინიციატივა წარადგინა
„კატარგეიტის“ სკანდალის შემდეგ ევროკომისიამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების ინიციატივა წარადგინა. ევროკომისიის ახალი ინიციატივა ევროკავშირის გარეთ მყოფი, კორუფციაში ბრალდებული პირების სანქცირებას ითვალისწინებს.
„ახალი მექანიზმის საშუალებით ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, დააწესოს სანქციები, როდესაც კორუფციული აქტები სერიოზულად იმოქმედებს ან საფრთხეს შეუქმნის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნებს“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
კომისიის განმარტებით, მძიმე კორუფციული ქმედებები არის მოხელეების მოსყიდვა და სახელმწიფო სახსრების მითვისება.
„მზაკვრული კორუფციული ქმედება საფრთხეს უქმნის ქვეყნებსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა დანაშაულებისთვის პირობების შექმნით. სწორედ ამიტომ უნდა გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობის სფერო და ვებრძოლოთ კორუფციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.