კატალონიის რეგიონის ლიდერი აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანი გზისკენ მოუწოდებს
კატალონიის რეგიონის ლიდერი კიმ ტორა ბარსელონაში არეულობას გმობს და აცხადებს, რომ ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლები უნდა შეწყდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. დამოუკიდებლობისთვის მოძრაობა არ უნდა იყოს ძალადობრივი. ჩვენ ყოველთვის ვგმობდით ძალადობას. არ შეიძლება იმ ინციდენტების დაშვება, რომლებსაც ჩვენ ქვეყნის ქუჩებში ვხედავთ“, – განაცხადა კიმ ტორამ.
კატალონიის ლიდერის თქმით, მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდების ან სხვა ვანდალური ქმედებების გამამართლებელი მიზეზი არ არსებობს. ამასთან, კიმ ტორას თქმით, ნორმალურია უსამართლო სასამართლო განაჩენის გაპროტესტება, თუმცა ეს მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.
ბარსელონაში უკვე სამი დღეა, საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებით სრულდება. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, დაწვეს ბარიკადები და ავტომობილები. ბოლო შეტაკების დროს დაშავდა 30-მდე ადამიანი.
ესპანეთში მასშტაბური დემონსტრაციები 14 ოქტომბერს დაიწყო. ათასობით ადამიანი ბარსელონას ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებისთვის 13 წლამდე ვადით პატიმრობა მიუსაჯა.