კატალონიაში დემონსტრაციების დროს 90-მდე ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულების უმეტესობა ბარსელონაში დაფიქსირდა, სადაც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცველებიც.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ათეული აქტივისტი სამართალდამცველების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს და სხვადასხვა ნივთს ისვროდა. პოლიციამ კი, მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. არეულობის დროს ბარსელონაში დაზიანდა მაღაზიების ვიტრინები და ქალაქის ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არეულობის ფარგლებში 31 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არის ერთი ჟურნალისტიც.
ესპანეთში მასშტაბური დემონსტრაციები 14 ოქტომბერს დაიწყო. ათასობით ადამიანი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს ამბოხის წაქეზებაში დასდო ბრალი და 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.