კატალონიაში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსის ხელახალი გავრცელების გამო შეზღუდვების გამკაცრება გახდეს საჭირო
კატალონიაში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსის ხელახალი გავრცელების გამო შეზღუდვების გამკაცრება გახდეს საჭირო.
როგორც რეგიონული მთავრობის ლიდერმა, კიმ ტორამ განაცხადა, თუ კატალონიაში სიტუაცია უახლოეს მომავალში არ გამოსწორდება, ხელისუფლება დამატებით ზომებს მიიღებს.
კიმ ტორას თქმით, მთავრობა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას 10 დღის განმავლობაში დააკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
როგორც მაღალჩინოსანმა განაცხადა, კატალონიის ზოგიერთ ნაწილში სიტუაცია ისეთივე რთულია, როგორც ეს მარტში იყო, როდესაც ესპანეთში კარანტინი გამოცხადდა.
17 ივლისს კატალონიის ხელისუფლებამ მოუწოდა რეგიონის მცხოვრებლებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან და სახლში დარჩნენ. ასევე აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებაც. დაიხურა ღამის კლუბები.