კატალონიაში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ირჩევენ
კატალონიაში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ირჩევენ

კატალონიის მაცხოვრებლები ადგილობრივი პარლამენტის 135 დეპუტატს აირჩევენ. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რეიტინგები თითქმის თანაბარია.

არჩევნები პანდემიის პერიოდში იმართება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კატალონიაში კორონავირუსი სულ 543 ათას ადამიანს გამოუვლინდა. დაიღუპა ათი ათასი პაციენტი.

ხმის მიცემის უფლება ესპანეთის ამ რეგიონში 5,5 მილიონ ადამიანს აქვს. ხელისუფლებამ მოუწოდა ამომრჩევლებს უბნებზე გარკვეული ინტერვალის დაცვით მივიდნენ და უსაფრთხოების ზომები დაიცვან, რათა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გართულდეს.

კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2020 წლის სექტემბერში ესპანეთის უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებით ავტონომიის ლიდერი კიმ ტორა თანამდებობიდან გადააყენეს. ტორას სასამართლოს ვერდიქტის შეუსრულებლობაში სდებდნენ ბრალს, კერძოდ კატალონიის ლიდერმა 2019 წელს უარი განაცხადა ბარსელონაში ადმინისტრაციული შენობებიდან ჩამოეხსნა პლაკატები, რომელზეც კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის მცდელობისთვის გასამართლებული და პატიმრობაში მყოფი კატალონიელი პოლიტიკოსები იყვნენ აღბეჭდილნი.