კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ თვალადის „მოსალოც“ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ თვალადის „მოსალოც“ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ლსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ თვალადის „მოსალოც“ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, შესრულებული სამუშაოების შედეგად, არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის ინტერიერი გაიწმინდა სქელი მიწის ფენისგან და ეკლესიის გარშემო მოიჭრა დიდი ოდენობის მიწა.

„მოეწყო ხარაჩოები გარე პერიმეტრზე, აღდგა კამარის ჩამონგრეული ფრაგმენტი. გადახურვა გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან, გადაეწყო საპირე წყობები ფასადებზე, აღდგა დაკარგული საფასადე წყობა ოთხივე კედელზე. შესრულდა კედლებზე გამოქარული წყობის ამოლესვა და ბზარების ინექტირება. აღდგა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონტონები, შესასვლელის თაღი და კედელი მის თავზე. მოეწყო კარნიზი მთელ პერიმეტრზე, კრამიტის საფარი და ჩაეწყო რკინაბეტონის სარტყელი მთელ პერიმეტრზე. ამოშენდა საყრდენი კედელი დასავლეთით და სამხრეთით, ეკლესიის გარშემო და ინტერიერში დაიგო ფილაქნის ქვის იატაკი. ტრაქტორის დახმარებით გაჭრილია სამანქანე გზა ძეგლამდე. სამშენებლო მასალად კედლის წყობაში გამოყენებულია ,ადგილობრივი წარმოშობის ფიქალური ქვები და დიდი ზომის ბრტყელი, უსწორმასწორო კონტურის კვადრები.

„მოსალოცი“ ეკლესია მიეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ეკლესია დგას ფერდობზე. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია სოფლის სიახლოვეს მდებარეობს, მასთან მისვლა გაძნელებულია, რადგან ძეგლამდე ციცაბო ბილიკი მიემართება. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის გაყვანის შემდეგ, ინტერიერის გაწმენდის ბოლოს გამოჩნდა საკურთხევლის საფეხური.