კარპენტერი - სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებასთან დაპირისპირება მხოლოდ კრემლისთვისაა სასარგებლო
მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება უკრაინის ხელისუფლებასთან მხოლოდ კრემლისთვისაა სასარგებლო, – ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში პენტაგონის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
„უკრიანელი ხალხი დაიღალა კორუფციისგან, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდა. ვფიქრობ, აშშ და ევროკავშირი უფრო მეტად ორიენტირებულია საკუთარ შიდა პრობლემებზე და უკრაინას ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. უკრაინის მთავრობაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებების პრაქტიკულად შესრულების მოთხოვნით ზეწოლა შემცირდა. ეს საწყენია. თუმცა არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ არგუმენტებისთვის სწორი სპიკერია“, – განაცხადა კარპენტერმა.
კარპენტერის თქმით, სააკაშვილისადმი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის წინაღმდეგ ბრძოლაში არადემოკრატიულ მეთოდებს იყენებდა.
„ის ძალიან არაერთგვაროვანი ფიგურაა. საქართველოში პოლარულ რეაქციებს იწვევს. მან რეალურად ღრმა რეფორმები განახორციელა, თუმცა ამავე დროს, გამოიყენა სახელმწიფო აპარატი ოპოზიციის დევნისთვის, რაც არ შეესაბამება დემოკრატიის პრაქტიკას.
ვფიქრობ, რომ სააკაშვილისნაირი პირი არ არის ის ადამიანი, რომელმაც უკრაინელების აღშფოთება უნდა წარმოადგინოს“, – აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.
მაიკლ კარპენტერს მიაჩნია, რომ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინელი უნდა ჩაუდგეს სათავეში.
„ვფიქრობ, მისი დაპირისპირება უკრაინის ხელისუფლებასთან მხოლოდ კრემლისთვისაა სასარგებლო. არ მიმაჩნია, რომ ეს სარგებელს მოუტანს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებას, კანონის უზენაესობას. არსებობს ბევრი ღირსეული უკრაინელი, რომელსაც შეუძლია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას უხელმძღვანელოს, ვფიქრობ, სწორედ მათ უნდა გააკეთონ ეს. ეს დიდი და სერიოზული საკითხია. სააკაშვილმა პრობლემის იდენტიფიცირება სწორად მოახდინა, თუმცა ის არ არის ის ადამიანი, რომელმაც ეს მოძრაობა უნდა განახორციელოს“, – განაცხადა კარპენტერმა.