კაროლინა ვოზნიაცკი დანებებას არ აპირებს | სპორტსმენს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს
მსოფლიოს ყოფილი ნომერი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი აცხადებს, რომ შოკირებულია რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზით, რომელიც მას ექიმებმა დაუსვეს, თუმცა აპირებს, რომ მსგავსი დაავადების მქონე ადამიანებისთვის მაგალითად იქცეს.
28 წლის დანიელ სპორტსმენს ავტო-იმუნური დაავადება აგვისტოში აღმოუჩინეს და მასთან შეგუება, როგორც თავად ვოზნიაცკი აცხადებს, ძალიან რთული აღმოჩნდა.
რევმატოიდული ართრიტი იწვევს ძლიერ ტკივილებს, შეშუპებას და სახსრებში მოძრაობის გაძნელებას.
„რთულია, როდესაც თავს ერთ-ერთ უძლიერეს სპორტსმენად გრძნობ და უცბად ეს გეცემა თავზე“, – ამბობს ვოზნიაცკი, რომელმაც თავისი პირველი და ერთადერთი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა, მიმდინარე წლის იანვარში მოიგო.
რევმატოიდული ართრიტი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს აღმოაჩნდეს, თუმცა ყველაზე ხშირად 40-50 წლის ასაკში იჩენს თავს. მისი განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაბამისი მედიკამენტებით სიმპტომების შეჩერებაა შესაძლებელი.