ავსტრალიის ღიას ჩემპიონმა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ტრავმის გამო შესაძლოა, აშშ-ის ღია პირველობა გამოტოვოს. ჩოგბურთელის ძმამ, პატრიკ ვოზნიაცკიმ განაცხადა, რომ ზედიზედ რამდენიმე მიკროტრავმის შემდეგ, კაროლინს ქრონიკული ტკივილი აქვს ზურგისა და მუხლის არეში.
„მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ნებართვით, კაროლინი ტკივილგამაყუჩებელ აბებს იღებდა 12 დღის განმავლობაში. ტკივილი გაქრა, მაგრამ, როცა პრეპარატების მიღება შეწყვიტა, უფრო მძაფრი ტკივილი იგრძნო. წესების თანახმად, მას კიდევ ერთხელ შეუძლია ტკივილგამაყუჩებლის მიღება, ამიტომაც რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. თუ აშშ-ის ღიაზე მეორე კვირას გადავა სათამაშოდ, ორგანიზმმა შეიძლება ვეღარ გაუძლოს. უახლოეს პერიოდში ის მკურნალობის კურსს გაივლის, რომელმაც შესაძლოა, თავიდან ააცილოს აბების მიღება. ჯერ ადრეა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა დანიის ტელევიზიაში პატრიკ ვოზნიაცკიმ.
კაროლინ ვოზნიაცკიმ ამ კვირას მიმდინარე ცინცინატის ტურნირზე ერთი წრის გავლა მოახერხა, რის შემდეგაც ვერ შეძლო მატჩის დასრულება ჰოლანდიელი კიკი ბერტენსის წინააღმდეგ.