აშშ-ის ღიას ფინალში ვიქტორია აზარენკა და ნაომი ოსაკა ითამაშებენ
აშშ-ის ღიას ფინალში ვიქტორია აზარენკა და ნაომი ოსაკა ითამაშებენ

ამერიკის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე ფინალისტები გამოვლიდნენ.

ორივე ნახევარფინალში სამი სეტის ჩატარება გახდა საჭირო. დღის პირველ მატჩში იაპონელმა ნაომი ოსაკამ 7:6(1), 3:6, 6:3 დაამარცხა მსოფლიოს 41-ე ჩოგანი, ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი.

ამ მატჩამდე ბრეიდის სეტი არ ჰქონდა წაგებული, თითო პარტიაში კი სამ გეიმზე მეტს არ თმობდა. პირველ სეტში, რომელშიც ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ამერიკელს ჰქონდა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ოსაკამ 2:1-ზე ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში ბრეიდიმ ერთადერთი ბრეიკით მოიგო. მესამე სეტში იაპონელმა სრული უპირატესობა მოიპოვა, ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება, რაც საკმარისი აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად.

22 წლის იაპონელი მესამედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში. წინა ორი გადამწყვეტი მატჩი მას მოგებული აქვს – 2018 წელს აშშ-ის ღიაზე და 2019 წელს ავსტრალიის ღიაზე. აღსანიშნავია, რომ ოსაკას 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

ამ მოგების შემდეგ, ოსაკა დაბრუნდება ტოპ-ხუთეულში. ფინალის მოგების შემთხვევაში, ის მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდება, წაგების შემთხვევაში – მეოთხე.

მეორე ფინალისტი გახდა ბელარუსი ვიქტორია აზარენკა. მანაც სამ სეტში შეძლო სერენა უილიამსის დამარცხება – 1:6, 6:3, 6:3.

ეს იყო ამ ჩოგბურთელთა რიგით 23-ე მატჩი და ანგარიში გახდა 18:5 უილიამსის სასარგებლოდ. აზარენკამ მე-11 ცდიდან პირველად დაამარცხა „დიდ სლემზე“ ლეგენდარული ამერიკელი. ვიქტორიასთვის ეს იყო ზედიზედ მე-11 მოგება. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღიამდე მან ცინცინატის ტურნირი მოიგო.

აზარენკასთვის ეს იქნება მეხუთე და 2013 წლის შემდეგ პირველი ფინალი „დიდი სლემის“ ტურნირებზე.

ტურნირის წინ, ბელარუსი მსოფლიოს 58-ე ჩოგანი იყო, ახლა კი TOP15-ში შეაღწევს და მე-11 ჩოგანი გახდება ფინალის მოგების შემთხვევაში.