კარლოს რამოსი სერენა უილიამსის მატჩებს არ იმსაჯებს
კარლოს რამოსი სერენა უილიამსის მატჩებს არ იმსაჯებს

საჩოგბურთო მსაჯი კარლოს რამოსი არ მოემსახურება ამერიკის ღია პირველობაზე სერენა უილიამსის მატჩებს.

„კარლოს რამოსს აღარ უმსაჯია სერენა უილიამსის თამაშები 2018 წლის ამერიკის ღია პირველობის სკანდალური ფინალის შემდეგ. ტურნირის ოფიციალურმა პირებმა შემატყობინეს, რომ ის არ მოემსახურება უილიამსის მატჩებს 2019 წლის ტურნირზე“, – დაწერა გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტმა კრისტოფერ კლეირმა „ტვიტერში“.

2018 წელს, აშშ-ის ღიაზე იაპონელი ნაომი ოსაკასა და სერენა უილიამსის ფინალში რამოსმა თავდაპირველად გაფრთხილება მისცა ამერიკელს ტრიბუნებიდან მწვრთნელის კარნახის გამო, შემდეგ საჯარიმო ქულით დასაჯა სერენა დამტვრეული ჩოგანის გამო. ბოლოს კი გეიმით დააჯარიმა უილიამსი მსაჯის შეურაცხყოფისთვის.

მატჩის შემდეგ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა არბიტრი სექსიზმში დაადანაშაულა.