კარლო ნატალე - ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციით და ამ საკითხზე რეაგირებისთვის ვმუშაობთ ყველა შესაძლო პლატფორმაზე
ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციით და ამ საკითხზე რეაგირებისთვის ვმუშაობთ ყველა შესაძლო პლატფორმაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალემ გუგუტიანთკარში განაცხადა.
„ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციით, ამ კონკრეტულ საქმეში ჩვენ ვხედავთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის რისკს და ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამის გამო. ჩვენ ამ საკითხზე რეაგირებისთვის ვმუშაობთ ყველა შესაძლო პლატფორმაზე, მათ შორის ჟენევაში. ვფიქრობ საქართველოს რეაგირება მტკიცეა და ჩვენ აქ დღეს მოვედით, რათა საქართველოს მთავრობისადმი სოლიდარობა გამოგვეცხადებინა“, – განაცხადა ელჩის ოადგილემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან. გუგუტიანთკარში ჩავიდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოში ავსტრიის, ესტონეთის, ბულგარეთის, ბრაზილიის, ლატვიის ელჩები.
ამასთან, ადგილზე იმყოფებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფოტრმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ისინი დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს აცნობენ.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ დილიდან კვალვ განაახლეს. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.