კარლო კოპალიანმა რომან გოცირიძესა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი მმართველობის პერიოდში წართმეული ბანკები შეახსენა
მინდა, მოუწოდო ე.წ ოპოზიციას, ნუ შეურაცხყოფენ ქართველ ხალხს და ნაცარს ნუ აყრიან თვალებში, რადგან არ გაქვთ უფლება, ილაპარაკოთ „თიბისი ბანკისა“ და ზოგადად ბანკების უფლებების დარღვევებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კარლო კოპალიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაკოტრებული ბანკები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია თავის თავს კომიკურ სიტუაციაში აყენებს.
„ე.წ ოპოზიცია ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს, ყოფნით თავხედობა და ორკესტრილებურად, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევრო ნაცები“, ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა ხმაშეწყობილად გაჰკიავიან, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ბანკი უნდა წაართვას, ანაკლიის პროექტი გააჩეროს და უმწიკლო ადამიანები, უდანაშაულო ბანკირები დაადანაშაულოს. არავინ ახსენებს ლონდონის საბჭოს გადაწყვეტილებას, სებ-სა და ბანკს შორის დაუმთავრებელ დავას, აღიარებულ ჯარიმებს და ა.შ. რაც შეეხება ბანკებზე განხორციელებულ ტერორს, უახლოეს ისტორიას გადავხედოთ. 2004 წელი, ზაფხული – „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთით მაშინდელმა ეროვნულმა ბანკმა (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე, ზედამხედველობის დეპარტამენტი მურთაზ კიკორია) დადგეს და განახორციელეს საქართველოს ბანკის დამფუძნებლის პატეიშვილისა და სილაგაძის დარეკეტება. მოსთხოვეს მათ მილიონების გადარიცხვები პირად ანგარიშებზე. შემდეგ კი ძალით, კაბინეტებში ჰყავდათ გამომწყვდეული, დაათმობინეს წილები, რის შედეგადაც ორივე დამფუძნებელი გარდაიცვალა. თანხა გამოხატულია 70 მილიონის ფარგლებში, ხოლო ბანკი აჩუქეს ვლადიმერ გურგენიძეს და ირაკლი გილაურს. 2006 წლის თებერვალი – სამიზნე ერთ- ერთი წარმატებული ბანკი – „ინტელექტს ბანკი“, რომელიც 36 საათში გააკოტრეს და ერთ ლარად აჩუქეს უკვე მათ საკუთრებაში არსებულ „საქართველოს ბანკს“ (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, ზედამხედველობის უფროსი ქადაგიძე, ნაპროკურორალი და მომავალი სები-ს პრეზიდენტი, წართმეული ქონება 80 მილიონი დოლარი).
შემდეგი, 2007 წლის ნოემბერი – საპროტესტო აქციების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილზე „იმედისა“ და მთაწმინდის პარკის წართმევის შემდეგ, სამიზნე გახდა „სტანდარტ ბანკი“, რომელიც გააკოტრეს და გაყიდეს. (ორკესტრის წევრები „ნაციონალური მოძრაობა“, სებ-ი და ზედამხედველობის იგივე უფროსი ქადაგიძე).
2018 წლის დეკემბერი – სამიზნე „სახალხო ბანკი“, რომლის კაპიტალი და ქონება შეადგენდა 318 მილიონ ლარს. 15 ათას დოლარად, შანტაჟითა და მუქარით დაათმობინეს აქციონერებს (ორკესტრის წევრები „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე ქადაგიძე და სხვები).
შემდეგი, „ქართუ ბანკი“ 2011 წლის ოქტომბრიდან წართმეული მილიონები, ბანკის გაკოტრების პროცედურის დაწყება, ავტორები იგივე ადამიანები. იქნებ ამ ბანკებს წაართვა და დაყაჩაღების საქმეში „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ურევია. უფრო მეტიც, ივანიშვილმა თავად გასტაცა საკუთარი მილიონები საკუთარ ბანკს შუა ქუჩაში და თავადვე ცდილობდა როგორმე საკუთარი ბანკი გაეკოტრებინა. უბრალოდ, ვერ მოასწრო, რადგან ხელისუფლებაში მოვიდა“, – განაცხადა კოპალიანმა.
დეპუტატი მოუწოდებს პროკურატურას, რათა შეცვალოს გამოძიების ტემპი და ასეთი საქმეები მიიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე.
„ექვსი წელია გასული, რაც ეს ხალხი წართმეულის დაბრუნებას ითხოვს და ითხოვს დასჯას ადამიანებისას, რომლებიც შეიძლება ამ დარბაზშიც კი სხედან. სისხლით და ცრემლით, რომ აუბედურებდნენ და წიხლის ქვეშ გაგდებული ჰქონდათ ქვეყანა, დაგვავიწყდა? ამის შემოქმედნი ყოველ წუთს ივანიშვილს რომ ახსენებთ, ათას სისულელეს აბრალებთ რა ჰქვია ამას. რა ჰქვია და გარყვნილმა ქალმა პატიოსან ქალს რომ ცხოვრების წესი დაუწუნოს, იმას ჰგავს ეს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.