კარლეს პუიჩდემონი ევროპარლამენტის არჩევნების წინ საარჩევნო სიიდან გარიცხეს
კარლეს პუიჩდემონი ევროპარლამენტის არჩევნების წინ საარჩევნო სიიდან გარიცხეს

ესპანეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 23-26 მაისს დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ საარჩევნო სიებიდან სამი კატალონიელი პოლიტიკოსი, მათ შორის კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი გარიცხა. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა ბლოკმა „ერთად კატალონიისთვის“, რომლის საარჩევნო სიის პირველი ნომერიც იყო კარლეს პუიჩდემონი.

საარჩევნო კომისიამ სიიდან ასევე გარიცხა კატალონიის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ტონი კომინი და რეგიონის განათლების ყოფილი მინისტრი კლარა პონსანტი. სამივე ყოფილმა მაღალჩინოსანმა ესპანეთი 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს დატოვა. პონსანტი მოგვიანებით შოტლანდიაში დააკავეს. მათ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებაში ადანაშაულებენ.

ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, ევროპარლამენტის წევრმა დეპუტატმა მანდატის ძალაში შესვლისას ფიცი მადრიდში უნდა დადოს. პუიჩდემონსა და მის თანაგუნდელებს ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში პატიმრობა ემუქრებათ.

2017 წლის ოქტომბერში კატალონიის დამოკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმისა და „კატალონიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის“ გამოცხადების შემდეგ, ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის მთავრობა და რეგიონული პარლამენტი დაითხოვა.

კარლეს პუიჩდემონი ამჟამად ბელგიას აფარებს თავს.