კარლ ნეჰამერი - საქართველოს მივეცი გარანტია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს
მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი გარანტია, რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ შევქმნათ ერთობლივი სივრცე, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით შექმნილ ამ ურთულეს ვითარებაში, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრისას კარლ ნეჰამერმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში კიდევ დიდი პოტენციალი.
„დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოსთან ურთიერთობებს. ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენცია, თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის ახლოს არის და საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ, ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის. ავსტრიელების და ავსტრიაში მცხოვრებლების ალბათ ძალიან პატარა ნაწილმა იცის, რომ ჩვენი საშობაო ნაძვის ხეების თესლების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოდან მოდის. ამის მიღმა, ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, ძალიან დიდი პოტენციალია ამ მიმართულებითაც, თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ეკონომიკური ინვესტიციები, გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება.
ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენ მოგვცა გარანტია, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რათა ამ ტიპის გარანტიები იქნას მოცემული. ყველაფერს გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ აქტიურად იმ მიმართულებით, რომ, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხითაც იქნას გარანტიები შექმნილი. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი საერთო მიზანი – ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. თანამშრომლობის პროცესში ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ ძალიან ბევრს და ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ უფრო უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიდევ ერთხელ“, – აღნიშნა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა.