კარლ ჰარცელი - ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა გახელაძის უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში მომიწვიეს ამ სიტუაციის განსახილველად; ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა კარლ ჰარცელმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს ფაქტი დიდი შეშფოთების საგანია.
„უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალყურს ამ საკითხს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში მომიწვიეს ამ სიტუაციის განსახილველად. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთანმთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისა და სახლში უვნებლად დაბრუნების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა.