კარლ ჰარცელი - ველოდები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციას
კარლ ჰარცელი - ველოდები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციას

ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ყველა მხარის მოსაზრებას, ჩვენი სურვილია, ვნახოთ ისეთი პროცესი, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო შედეგს მოიტანს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, დისკუსია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან შედგება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვას მიეძღვნება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას მიმართა. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად სასარგებლოა, რათა მომზადდეს ნიადაგი დისკუსიების ბოლო ნაწილისთვის, ვგულისხმობ მოსამართლეების დანიშვნის კრიტერიუმებს. როგორც იცით, ევროკავშირში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დაფასებულია, როდესაც საქმე მართლმსაჯულების საკითხებს ეხება. ველოდები ამ რეკომენდაციების იმპლემენტაციას. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დისკუსიაზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან გვექნება“, – განაცხადა ჰარცელმა.

კითხვაზე, ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციაა, რომ მოსამართლეების ნაწილი დაინიშნოს ახლა,  მეორე ნაწილი კი, პარლამენტის არჩევნების შემდეგ, ელჩი ამბობს: „ცხადია, ვენეციის კომისია თავადაც აცნობიერებს, რომ ეს პოლიტიკური ხასიათის რეკომენდაციაა და პროცესი პოლიტიკურად დამუხტულია. საბოლოო ჯამში, ეს არ არის წარმოდგენილი, როგორც ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია, რადგან ყველა მთავარი რეკომენდაცია არის მართლმსაჯულების საკითხზე და არის ტექნიკური ხასიათის. ჩემი აზრით, ამ თემაზე მსჯელობა შეიძლება. ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ ამ საკითხზე ყველა მხარის მოსაზრებას“, – განაცხადა ჰარცელმა.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.