კარლ ჰარცელი - საჭიროა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ფიქრი, როგორ შეიძლება პოლარიზაციის შემცირება
ძალადობა არის კიდევ ერთი ასპექტი პოლარიზაციისა, რომელსაც ვხედავთ საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.
როგორც დმანისის ინციდენტის შესახებ დასმულ კითხვაზე კარლ ჰარცელმა განაცხადა, საჭიროა უზრუნველყოფა, რომ მსგავს ინციდენტებს შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.
„რაც შეეხება თავად ამ შემთხვევას, მე ვუყურე ახალ ამბებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა გუშინ. ნათელია, რომ ძალადობის ადგილი არ არის დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში. საჭიროა ამის არა მხოლოდ დაგმობა, არამედ ასევე უზრუნველყოფა, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, რაც იმედი მაქვს, უკვე დაიწყო და შედეგებს გამოიღებს. რა თქმა უნდა, ძალადობა არის კიდევ ერთი ასპექტი პოლარიზაციისა, რომელსაც ვხედავთ ამ საარჩევნო კამპანიაში ისევე, როგორც ვხედავდით სხვა საარჩევნო კამპანიების დროს და რასაც მოჰყვება არა მხოლოდ მკაცრი რიტორიკა, არამედ ასევე საზოგადოების აშკარა დაყოფა. ყველაფერი ეს იწვევს ფრუსტრაციას და საბოლოოდ, ვშიშობ, ამგვარი ტიპის ძალადობის შემთხვევებს. საჭიროა, ზოგადი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება ამ პოლარიზაციის შემცირება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.