კარლ ჰარცელი - ქვეყნებისთვის, რომელთაც კანდიდატის სტატუსის მიღება სურთ, შემცირებულია კითხვების რაოდენობა, რომ ჩქარა წავიდეს პროცესი, ევროკავშირი ასეთი სწრაფი არასდროს ყოფილა
კომისიას ოთხი კვირა აქვს კითხვარზე პასუხებისთვის, რაც პრინციპში საკმაოდ პატარა დროა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ შემცირებულია კითხვების რაოდენობა, რათა ჩქარა წავიდეს პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ელჩი აცხადებს, ევროკავშირმა პროცესი მაქსიმალურად დააჩქარა.
„ევროკავშირმა 7 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, თავისი მოსაზრებები გაეზიარებინა სამ განაცხადზე, ესენია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ეს პირველი ნაბიჯია ამ პროცესისა. რაც შეეხება დროში გაწერას, გრაფიკს, კომისიას ოთხი კვირა აქვს პასუხებისთვის, რაც პრინციპში საკმაოდ პატარა დროა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ შემცირებულია კითხვების რაოდენობა, რათა ჩქარა წავიდეს პროცესი. პასუხების შემდეგ, ფორმალური მოსაზრებები უკვე წავა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის საბჭოში, რომლებიც უკვე დაფიქრდებიან შემდეგ ნაბიჯზე“, – განაცხადა ჰარცელმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, შესაბამისად, ევროკავშირი ცდილობს, პროცესი სწრაფად წარმართოს.
„ეს არის განსაკუთრებული დრო და კომისია ცდილობს, უზრუნველყოს, რომ ასე განსაკუთრებულად სწრაფად განხორციელდეს ეს პროცესი. ევროკავშირი წინათ ასეთი სწრაფი არასდროს ყოფილა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი გახლავთ, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე განმაცხადებელი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ წუთას ვხედავთ ყველაზე სწრაფ პროცესს, რაც შეუძლია, ევროკავშირს განახორციელოს“, – განაცხადა ელჩმა.
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარედგინა. 3 მარტს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.