კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს - სამშაბათს, 09:00 საათიდან ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად გეპატიჟებით
კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს - სამშაბათს, 09:00 საათიდან ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად გეპატიჟებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს და 20 აპრილს, დილის 09:00 საათიდან ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ეპატიჟება.

„მივმართავ საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს – გეპატიჟებით შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში, ხვალ, სამშაბათს, 09:00 საათიდან. დიდი მადლობა“, –  წერს „ტვიტერზე“ ჰარცელი.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა 19 აპრილს გაიმართა. დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ უერთდებიან.

ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.