საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ საუბრობს. ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელთან, მიკოლაი ბეკასიაკთან ინტერვიუში კარლ ჰარცელი განმარტავს, თუ რას მოხმარდება საქართველოს მხარდასაჭერად პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა და როგორ უზრუნველყოფს ევროკავშირი, რომ ის სათანადოდ იყოს გამოყენებული.
„პანდემიის დაწყებისთანავე ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად შეძლო 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის, ანუ საჩუქრის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი მაქსიმალურად შეღავათიანი სესხის სახით. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც მიმდინარე კრიზისის დროს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას გამოხატავს საქართველოს მიმართ.
ჩვენი დახმარება ძირითადად ოთხ სფეროზე განაწილდება – თანხის ნახევარზე მეტი მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ „კოვიდ-19“-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გაძლიერებას. მათ შორის, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას და მთავრობის სათანადო ფუნქციონირების ფინანსურ უზრუნველყოფას. ამ მიზნით, 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ჩავურიცხეთ საქართველოს“,- აღნიშნავს ინტერვიუში კარლ ჰარცელი.
მისივე თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა პირდაპირ მიმართულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე.
„ხდება სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფა, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოწყვლად ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც ამ კრიზისის პერიოდში განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ამ სფეროში ჩვენ ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანების თითოეულ ამ ჯგუფს პირდაპირ მხარდაჭერას უწევენ.
გარდა ამისა, ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკური მდგრადობისა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერაზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება. გამოვყავით თითქმის 250 მილიონი ლარი ბიზნესებისთვის სესხებზე წვდომის ხელშესაწყობად, აგრეთვე გრანტები ისეთი სფეროებისათვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სოფლის ეკონომიკური განვითარება, ტურიზმი და პროფესიული განათლება მთელი საქართველოს მასშტაბით.ეს მიზნები ჩვენთვის დავისახეთ და სწორედ მათ განხორციელებაზე ვმუშაობთ ახლა“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
როგორც ელჩი აცხადებს, პანდემიის პირველი დღეებიდანვე დაიწყეს მუშაობა საქართველოს მთავრობასთან და დასახეს პანდემიასთან ბრძოლის ერთობლივი პრიორიტეტები.
„უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მუშაობა წარმატებულად მიმდინარეობს. მათ შორის, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიზნების განსაზღვრის კუთხითაც. ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ზომებს იმისთვის, რომ ამ პროგრამის განხორციელებისა და პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის სათანადო მონიტორინგი უზრუნველვყოთ. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად სათანადო მონიტორინგის განსახორციელებლად. ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ, თუ რას უნდა მოხმარდეს ჩვენი ფული. მაგალითად, „მდგრადობის გაზრდის შესახებ ხელშეკრულებაში“ განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული მიზნები, მაგალითად, სულ მცირე 70 000 ოჯახისთვის დამატებითი მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფა, სულ მცირე 30 000 კომპანიის მიერ პანდემიის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნების ხელშეწყობა და საავადმყოფოებისთვის სულ მცირე 150 რეანიმაციული საწოლის გადაცემა. ეს არის ძალიან კონკრეტული მიზნები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე გვაქვს კონტროლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომლებსაც მომავალშიც გამოვიყენებთ“,- აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.
მისივე თქმით, უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჰარცელის თქმით, ერთად, უკვე გადასცეს საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით ორი მილიონი ერთეული, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი და სხვა.
„აგრეთვე ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მოუთმენლად ველი.
ვცდილობთ, დავეხმაროთ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს. ჩვენი დახმარება ნაწილდება საქართველოს ცხრა ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აგრეთვე 4 000-ზე მეტ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლსა და ექიმზე, რაც მათ მოვალეობის შესრულებაში ეხმარება. გარდა ამისა, ვატარებთ ტრენინგებს უსაფრთხო მუშაობის წესებზე, სტრესთან გამკლავების საშუალებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით თუ რა დატვირთვით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უწევთ მუშაობა ამ ადამიანებს და ყველა მათგანი ჩვენგან დიდ მხარდაჭერას იმსახურებს“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.