კარლ ჰარცელი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჭიროა დაპაუზება, მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიესალმება, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საკითხების განხილვა.
ჰარცელის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ელჩების ერთობლივი წერილის ძირითადი მიზანი საბოლოოდ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაზრდაა.
„როგორც ყველამ ვიცით, 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლო რეფორმის საკითხი იყო განსაკუთრებით ხაზგასმული. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ ორივე საარჩევნო რეფორმა და სასამართლო რეფორმა ჩატარდება ისე, რომ საბოლოოდ გავლენას მოახდენს საკითხებზე. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, გამიხარდა პარლამენტის თავმჯდომარის წერილში რომ ვნახე, არსებობს განზრახვა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს სხვადასხვა საკითხის განხილვა. ფუნდამენტური მიზეზი იმისა, თუ რატომ დავწერეთ წერილი, არის ის, რომ საბოლოოდ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა გაღვივდეს, რაც არის ძირითადი მიზანი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ჰარცელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართოს.
„გეგმის მიხედვით, ორი ტიპის დანიშვნა უნდა მოხდეს, ერთი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და მეორე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც საჭიროა დაპაუზება და მოვახდინოთ რეაგირება, ვიდრე სწრაფად გავიაროთ, რადგან ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა გაკეთდება სამომავლოდ.
რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, უკვე არსებობს ევროკავშირის პირობა მიკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე დიდი ხანია, ვმუშაობთ. ჩვენ შევჯერდით ვენეციის კომისიის ღია მოსაზრებაზე, რომელსაც ეს პროცესი მიყავს სანდობასა და ინკლუზიურობამდე, ახლა უკვე ახალი პარლამენტის შემადგენლობით ამის შესაძლებლობა გაჩნდა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დანიშვნების საკითხი აქაც ხაზგასმული იყო და საჭიროა მისი გათვალისწინება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიჩქაროთ ამ პროცესში და დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ფართო გაგება იმისა, თუ როგორ გავიაროთ ეს პროცესი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.