კარლ ჰარცელი - გურია იქნება ერთ-ერთი საპილოტე ევროკავშირისთვის მომავალი სამი წლის განმავლობაში
გურია იქნება ერთ-ერთი საფოკუსე, საპილოტე ევროკავშირისთვის მომავალი სამი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომელიც ოზურგეთში იმყოფებოდა.
ელჩის თქმით, ის მეორედ იმყოფება უკვე გურიაში, სადაც საინტერესო დისკუსია შედგა.
„პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გვქონდა მაშინ, როცა პირველად ვიყავი გურიაში. ჩემთვის მნიშვნელოვანი, იყო გამეგო რეგიონული განვითარების შესახებ, რა ხდება რეგიონში. გავიგე პრობლემებსა და შესაძლებლობებზე, რომელიც აქ არის. გურია იქნება ერთ- ერთი საფოკუსე, საპილოტე ევროკავშირისთვის მომავალი სამი წლის განმავლობაში. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვიქნებით ჩართული აქ პროექტების განხორციელებაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რეგიონის განვითარების სტრატეგია შემუშავებული იყო ბიზნესთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. ასევე, მნიშვნელოვანია მათი როლი მონიტორინგისა და რჩევების კუთხით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისი თქმით, განხილული იყო ტურიზმის სტრატეგიაც.
„არსებობს პრობლემები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ განათლებაზე, დეცენტრალიზაციაზე. ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ მთავრობასთან ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირი ელჩმა.
ამასთან, კარლ ჰარცელი დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ჩაის პლანტაციის კოოპერატივს ეწვია. როგორც მან აღნიშნა, ჩაი გურიის საფირმო ნიშანია.