კარლ ჰარცელი - გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს ხელი უნდა შევუწყოთ
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კომენტარი გააკეთა უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების პროცესზე.
ჰარცელის თქმით, ამ პროცესის მიმართ კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
ჰარცელი ამბობს, რომ როგორც შუამავლებმა, მხარეებს შორის დიალოგს ხელი უნდა შეუწყონ.
„მე ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი და როგორც შუამავლის, ჩვენი როლია ორ მხარეს შორის დიალოგის ხელშეწყობა. გუშინ, მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ვთქვი, რომ გამართული დისკუსია იყო რთული. ეს არ იყო მარტივი დისკუსია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე მხარისგან გვაქვს ამ ინსტრუმენტის გამოყენების გაგრძელების მზადყოფნა, რათა მოხდეს სფეროების გამოვლენა, სადაც საერთო პოზიციები არსებობს. ჩვენ, როგორც შუამავლები, ახლა ვეძებთ შესაძლებლობებს, რომლის საფუძველზე გავცემთ რჩევას, უახლოეს პერიოდში მეოთხე დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.