კარლ ჰარცელი - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამერიკულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას შეეხებოდა.

„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხი არის უმნიშვნელოვანესი და უფრო ფართო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. რაც შეეხება სამხედრო ბაზებს, ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც უფრო ფართო კონტექსტის შემადგენელი ნაწილია. ევროკავშირი, როგორც ყოველთვის, სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს უფლებას, ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კარლ ჰარცერმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, შეკითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა: „არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიურნი არიან. ჩვენ შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.