კარლ ჰარცელი - ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დახმარებას ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური რეფორმების მხარდაჭერის კუთხით
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზნით ამბიციური გეგმა დაისახა, რომელთა მიღწევაშიც შეუძლია, ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თვალსაჩინო გახდა 21 ნოემბერს საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც სულ მცირე, 25 ერთობლივი ზომა შეათანხმეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას.
„ამ მიზნებს შორის ერთ-ერთია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რომელიც წარმოადგენს კონცეფციას, რომელიც რამდენიმე პოლიტიკის გაერთიანებას გულისხმობს, მათ შორის ერთ-ერთი დეცენტრალიაციაა. ის ემყარება ცნებას, რომელში, მჯერა, ყველა თქვენგანი დარწმუნებულია და, რომელიც ამ ქვეყნის რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების პოტენციალს ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად აქცევს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში დეცენტრალიზაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებულ მოვლენებს, მათ შორის, დეცენტრალიაციის სტრატეგიის მომზადებას. ამ სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის მომავალი მხარდაჭერისთვის. დეცენტრალიზაცია განსაზღვრულია, როგორც ასოცირების შეთანხმებით, ისე ასოცირების დღის წესრიგით“, – აღნიშნა ელჩმა.
ჰარცელის თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განაგრძობენ საქართველოს არსებითი დახმარებით უზრუნველყოფას მისი ამბიციური ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. უახლოეს წლებში კი, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება იქნება.