კარლ ჰარცელი - ევროკავშირი სრულად ემხრობა საქართველოში დეცენტრალიზაციის მიზნების განხორციელებას
ევროკავშირი სრულად ემხრობა საქართველოში დეცენტრალიზაციის დეკლარირებული მიზნების განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმებული და გაფორმებულია 25 საერთო მიზანი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ერთ-ერთი კი, არის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, რომელიც არაერთი პოლიტიკის განხორციელებას ითვალისწინებს, მათ შორის დეცენტრალიზაციას.
კარლ ჰარცელის თქმით, ყველა იაზრებს რამდენად მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაცია, სტრატეგიის მომზადება და განხორციელება.
„ასევე, დეცენტრალიზაციის მიზნები გაწერილია, როგორც ასოცირების დღის წესრიგში, ისე სხვა დოკუმენტებშიც. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამ ამბიციური ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მიზნების მიღწევაში ყოველთვის მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს, რათა კიდევ ერთხელ გაამყაროს ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი ხელისუფლების როლი საქართველოში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამასთან, ელჩის თქმით, ევროკავშირი ასევე გაითვალისწინებს ყველა იმ თავისებურებას, რომელიც კონკრეტულ ქვეყანას ახასიათებს.
„ამ კონტექსტში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ესაჭიროება ადგილობრივი მმართველობა, რომელსაც ექნება იმ ქმედებების განხორციელების საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებას. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან თანამშრომლობა, მათი შესაძლებლობების გაძლიერება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, გაიზრდება მათი ანგარიშვალდებულება, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესში“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ევროკავშირის ნაბიჯები უკვე დაგეგმილია.
„რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ევროკავშირის ნაბიჯები უკვე არის დაგეგმილი. პირველ რიგში, იმ დადებითი გამოცდილების საფუძველზე, რომელიც გვაქვს გასულ წელს მერის ინიციატივასთან მიმართებაში. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მერიის ინიციატივების მხარდაჭერას. მუნიციპალიტეტებს ვთავაზობთ, წარმოადგინონ და განახორციელონ ადგილობრივი მმართველობის განვითარების გეგმები, რომლებიც იქნება გამჭვირვალე და უზრუნველყოფს ყველას ჩართულობას. რაც მთავარია, ასევე მუნიციპალიტეტებმა რეგიონებში გამოხატეს ძალიან დიდი ინტერესი ჩაერთონ ამ პროცესში და ეს ინიციატივა 31 მუნიციპალიტეტიდან იყო უკვე გამოთქმული. ისინი სთავაზობენ ხელისუფლებას, განხორციელდეს დაახლოებით 10 მუნიციპალიტეტში პროგრამის მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს მოსახლეობისთვის მომსახურებების გაწევას“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირის მზად არის, გაცილებით მეტი გააკეთოს საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობის მხარდასაჭერად.
„ჩვეულებრივ, ევროკავშირი პირდაპირ ადგილობრივ მთავრობებს გრანტებს არ გადასცემს. თუმცა, საქართველოში ჩვენ მზად ვართ, გაცილებით მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ თვითმმართველობას. ENPARD-ის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების განვითარებას, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების მხარდაჭერაზე, კიდევ უფრო გაფართოვდება და ვიმუშავებთ ადგილობრივი გუნდების მეშვეობით, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი აქტორების სტიმულირებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ ადგილობრივი აქტორები ყველაზე უკეთ აცნობიერებენ იმ სირთულეებსა და საჭიროებებს, რაც არსებობს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ფორუმზე გამოსვლისას.
ამასთან, მისი თქმით, სამომავლოდ რეგიონულ დონეზე არსებული საჭიროებები განისაზღვრება. ასევე, ევროკავშირი ხელს შეუწყობს რეგიონებისთვის ინვესტიციების მობილიზებას, რათა მათ შეინარჩუნონ ადგილზე პროფესიონალები, მეწარმეები, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და შემცირდეს უთანასწორობა.
„მინდა. ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ერთობლივი მნიშვნელოვანი ძალისხმევა კარგად წარმოაჩენს, რომ ევროკავშირი 100 პროცენტით ემხრობა დეცენტრალიზაციის დეკლარირებული მიზნების განხორციელებას. შესაბამისად, მოწონებით ვხვდებით ამ ინიციატივას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი საქართველოს პარლამენტში გაიმართა. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიესალმნენ.