კარლ ჰარცელი - დისკუსიების დროს კონფიდენციალობის დაცვაში არადემოკრატიული არაფერია, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტი
კარლ ჰარცელი - დისკუსიების დროს კონფიდენციალობის დაცვაში არადემოკრატიული არაფერია, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტი

იმედი გვაქვს, ფართო კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას მივაღწევთ, ამისთვის კი დიალოგის გაგრძელება იქნება საჭირო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა ოპოზიცია, რომ შევიდეს პარლამენტში, ელჩმა აღნიშნა: „ვფიქრობ, დღეს ჯერ ეს მომენტი არ დამდგარა“.

მისივე თქმით, ჯერ რვავე მონაწილე პარტია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ფართო კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას მივაღწევთ. ამისთვის კი დიალოგის გაგრძელება იქნება საჭირო“, – განაცხადა ჰარცელმა.

კითხვაზე, რამდენი რაუნდი გახდება საჭირო და როდის იქნება შედეგი ელჩმა აღნიშნა, რომ შემდეგი რაუნდი იქნება ხვალ.

„შემდეგი რაუნდი იქნება ხვალ და ეს სავარაუდოდ იქნება ბოლო მომენტი, პარლამენტის გახსნამდე და მერე ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები“, – განაცხადა ჰარცელმა.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ სურს, გამოეხმაუროს დიალოგის შინაარსის გასაიდუმლოებას.

მისივე თქმით, დისკუსიების დროს კონფიდენციალობის დაცვაში არადემოკრატიული არაფერია.

„ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტი, ასე მიმდინარეობს ხოლმე მოლაპარაკებები. მხარეებს შორის ნდობის მიღწევის გარეშე, პროგრესის მიღწევა გაცილებით რთულია. ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგზე არჩეულ პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ისინი აირჩია ამომრჩეველმა, რათა გადალახონ პოლიტიკური ბარიერები. ეს არის რის უზრუნველყოფასაც ვცდილობთ დიალოგის დროს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყოველთვის მონაწილეთა არჩევანზეა დამოკიდებული, რომ განიხილონ რამდენი რამის გასაჯაროება არის კარგი ამ დიალოგის შინაარსის შესახებ და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ მონაწილეებთან. მე მინდოდა მეთქვა, ჩვენთვის ცხადია, ისევე როგორც ეს იყო ცხადი 8 მარტის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დროს, რომ საჭიროა გარკვეული ნდობა, რათა პროგრესს და წამატებას მიაღწიო“, – განაცხადა ელჩმა.