კარლ ჰარცელი - ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად
მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი სივრცე საარჩევნო უბნების გარშემო, ამ მიზნის მიღწევა, პანდემიის გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა.
როგორც კარლ ჰარცელი აცხადებს, არჩევნები მოახლოვდა და ეს არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის 8 მარტს მიღწეული ისტორიული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი.
„ამ შეთანხმებას, თითქმის ყველა პოლიტიკურმა სპექტრმა დაუჭირა მხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელსაც მოახლოებული არჩევნები ეფუძნება, ახლა ფართო მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობს, რაც პოლიტიკური პროცესების ერთიანობის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამ შეთანხმების წყალობით, პარლამენტში შესვლის რეალური შანსის მქონე პოლიტიკური პარტიების არე მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რაც ხელს უწყობს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ამომრჩეველთა ნების უფრო მკაფიო ასახვას. ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ფასეულობაა. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება უფრო კონსტრუქციული დებატების წარმართვა პოლიტიკურ პროგრამებთან დაკავშირებით და კონსენსუსის მიღწევის გაუმჯობესებული კულტურა, რადგან ეს ქვეყანა 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადადის. არჩევნების შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ოდირის ადრინდელი რეკომენდაციების შესრულების შედეგად არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობა გაუმჯობესდა, თუმცა სამწუხაროდ, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. თუმცა მყარი სამართლებრივი საფუძველი მაინც არსებობს. ახლა მთავარია მისი ეფექტიანად განხორციელება და აღსრულება“, – აღნიშნულია ჰარცელის განცხადებაში.
როგორც ელჩი განმარტავს, ადგილობრივმა სადამკვირვებლო ჯგუფებმა არაერთი ინციდენტისა და საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის შესახებ განაცხადეს.
„ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება, მინდა მხოლოდ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ყველა ამგვარ შემთხვევაზე სერიოზული რეაგირება დს გამოძიების ჩატარება, საარჩევნო დღის შემდეგ პერიოდშიც. გამჭვირვალე და ეფექტიანი საგამოძიები რეაგირება სრული საარჩევნო პროცესის ნაწილია და გავლენას მოახდენს არჩევნების საბოლოო შეფასებასა და მომავალი არჩევნებისთვის სტანდარტის დაწესებაზე. მნიშვნელოვანი იქნება ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება. ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მოქმედებასთან ერთად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად. ერთ-ერთი ელემენტი ფიზიკური დაპირისპირებისა და ესკალაციის თავიდან აცილებაა. მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი სივრცე საარჩევნო უბნების გარშემო; ამ მიზნის მიღწევა, ახლა, პანდემიის გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ყველა ამ ასპექტს, მათ შორის ევროკავშირის დამკვირვებელ დიპლომატთა გუნდის მიერ არჩევნებზე დაკვირვების საშუალებით უშუალოდ არჩევნების დღეს“, – აღნიშნავს ელჩი.