კარლ ჰარცელი - აუცილებელია, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ პროცედურებზე იყოს დაფუძნებული
ევროკავშირის რეკომენდაციაა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა სანდო და გამჭვირვალე პროცედურებზე იყოს დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემის სანდოობა და ამ მიმართულებით რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია.
„ევროკავშირისგან დიდი ხანია მოდის რეკომენდაცია, რომ აუცილებელია, შერჩევის პროცესი სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ პროცედურებზე იყოს დაფუძნებული, რადგან ჩვენ უმაღლესი კლასის სამართალსა და სასამართლო ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ სისტემის სანდოობა და ამ მიმართულებით რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, სასამართლო რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამასთან, როგორც ელჩი აღნიშნავს, აუცილებელია, ამ მხრივ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა განვითარდეს.
„ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კრიტერიუმებისა და შერჩევის პროცედურების განვითარებისთვის ვმუშაობთ. ამ პროცესში მონაწილეობას ვაპირებთ და ვგეგმავთ, ხელისუფლებას ჩვენი რეკომენდაციები და რჩევები მივაწოდოთ, როგორ გამოიყურება ეს პროცედურები ჩვენი აზრით და როგორი უნდა იყოს პრაქტიკა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა და იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატების ნომინირების შესახებ გადაწყვეტილებამდე ახალი პროცედურები შემოღებული იქნება.