კარლ ჰარცელი - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი იყო სიძულვილის ენა, წლევანდელი კამპანიის დროს ამას ჯერ ნაკლებად ვხედავთ
თუ გაიხსენებთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი იყო სიძულვილის ენა, პოზიტიური არის ის, რომ ჯერჯერობით, ამ კამპანიის დროს ამას ნაკლებად ვხედავთ, თუ ეს ახალი ტრენდის დასაწყისია, ძალიან მისასალმებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ზოგადად და აქ, საქართველოში ამ მედიამონიტორინგს ბოლო ათი წელია, ვატარებთ არჩევნების წინ. ვფიქრობ, ის ძალიან სასარგებლოა, რადგან ყველას გვეხმარება მედიის როლის გაგებაში ამ ქვეყანაში. ეს არის სამი მოხსენებიდან პირველი, რომელსაც ამ კამპანიის მიმდინარეობისას წარვადგენთ. ზოგადად, როგორც ვიცით, საარჩევნო კამპანია ახლა იწყება. ვფიქრობ, დაკვირვება რომელიც აქამდე გავაკეთეთ, შესაძლოა, იყოს მინიშნება მედიალანდშაფტის შესახებ, თუმცა სრულად არ ასახავს, როგორი იქნება მედიალანდშაფტი მომდევნო კვირების განმავლობაში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მისივე თქმით, მედიამონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება.
„ერთ-ერთი მათგანია, რომ მედია მეტ პოლიტიკურ მხარეს აძლევს ეთერს, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. 8 მარტის შეთანხმება რომ შესრულდეს, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ლანდშაფტის გაშუქება. ასევე, ვხედავთ მედიაპოლარიზაციის ტენდენციას, რომელიც ასახავს პოლიტიკურ პოლარიზაციას, რომელსაც ჯერ კიდევ ვხედავთ ქვეყანაში, ჯერ კიდევ რჩება ფაქტორად. იქნება ბევრი კრიტიკა მედიასაშუალებების მიმართ ძალიან ცალმხრივი გაშუქების გამო და კრიტიკას მოკლებული გაშუქების გამო, რაც ადრეც ხდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ რჩება პრობლემად. ერთი დაკვირვება, რომელიც გავაკეთე და პოზიტიურია, არის ის, რომ თუ გაიხსენებთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი სიძულვილის ენა იყო. ჯერჯერობით ამ კამპანიის დროს ამას ნაკლებად ვხედავთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ეს ნაკლებად შეინიშნება სოციალურ მედიაშიც. თუ ეს არის ახალი ტრენდის დასაწყისი, ეს ძალიან მისასალმებელია“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.