კარლ ჰარცელი - ევროკავშირს სურს რაც შეიძლება ძლიერი უკრაინა და საქართველო
ევროკავშირს სურს რაც შეიძლება ძლიერი უკრაინა და საქართველო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.
ელჩმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე. სააკაშვილმა 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.
„კონტექსტის, გარემოებებისა და მიზნების არცოდნის პირობებში, რომლის ფარგლებშიც სააკაშვილმა ეს შენიშვნა გააკეთა, არ მინდა პოლემიკაში შევიდე. უბრალოდ, ცხადი რომ გავხადოთ ამ ამბის ძირითადი ხაზი, ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ ევროკავშირს სურს ისეთი ძლიერი უკრაინა და ისეთი ძლიერი საქართველო, როგორც ეს შესაძლებელია. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ ჩემს ყოველდღიურ მუშაობაში, ძირითად სულისკვეთებაში ბრიუსელში“,- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა, კალრ ჰარცელმა.