კარიმ ხანმა ღაზაში ომის დანაშაულის სამხილების მოსაგროვებლად ჩანიშნული ვიზიტი გააუქმა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ომის დანაშაულის სამხილების მოსაგროვებლად ღაზაში ჩანიშნული ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კარიმ ხანმა ღაზაში ვიზიტი 20 მაისს ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავებაზე ორდერის გაცემის პარალელურად გააუქმა.
როგორც ანონიმური წყარო აცხადებს, კარიმ ხანის ღაზაში ვიზიტი რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ერთად. სასამართლოს წარმომადგენლებს ღაზაში უნდა შეეგროვებინათ ომის დანაშაულის მტკიცებულებები და წარედგინათ ისრაელისთვის, რათა ისრაელს პასუხი გაეცა ჩადენილ დანაშაულზე.
„როიტერი“ წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც კარიმ ხანმა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ლიდერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა. პროკურორის ეს ქმედება ეწინააღმდეგება აშშ-ისა და ბრიტანეთის მცდელობას, ხელი შეუშალოს სასამართლოს ისრაელის ლიდერის დევნაში.
როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისში „როიტერს“ განუცხადეს, ორდერის მოთხოვნის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა პროკურორის შეფასებას, რომ საკმარისი მტკიცებულება არსებობდა და დაპატიმრების ორდერით, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული მიმდინარე სავარაუდო დანაშაულები.