კარიმ ხანი - ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი მოსახლეობა და დაიბრუნოს მძევლები, მაგრამ არავის აქვს ნებართვა, ჩაიდინოს ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული
ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი მოსახლეობა და დაიბრუნოს მძევლები, მაგრამ არავის აქვს ნებართვა, ჩაიდინოს ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, – ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი უარყოფს ბრალდებებს, რომ ისრაელის და „ჰამასის“ ქმედებებს აიგივებს. კარიმ ხანის განცხადებით, ისრაელი თავისი დემოკრატიით და უზენაესი სასამართლოთი „ჰამასის“ მსგავსი არ არის. კარიმ ხანი ამბობს, რომ როდესაც ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰკითხა, როგორ უნდა ეპოვათ მძევლები, მან ბრიტანეთისა და „ირას“ (ირლანდიის რესპუბლიკური არმია) მაგალითი მოიყვანა.
„იყო მარგარეტ ტეტჩერის მოკვლის მცდელობები, ეირი ნივი ააფეთქეს, ლორდ მაუნთბეტენი ააფეთქეს, იყო ენისკილენის თავდასხმა, მაგრამ ბრიტანელებს არ უთქვამთ, „კარგი, ფოლს როუდზე (კათოლიკური ბელფასტის გულში) უდავოდ შეიძლება იყოს „ირას“ ზოგიერთი წევრი და რესპუბლიკელი მომხრე, ამიტომ, მოდით, ჩამოვაგდოთ 2 000-ფუნტიანი ბომბი ფოლს როუდზე. ამის გაკეთება არ შეიძლება“, – განაცხადა ჰააგის პროკურორმა.
კარიმ ხანის განცხადებით, დაკავების ორდერები თუ გაიცემა, მსოფლიო ვალდებულია, აღასრულოს ისინი.
„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო მათი შვილია – მე ვარ მხოლოდ ძიძა ან დაქირავებული დამხმარე. მათ აქვთ არჩევანი, მიხედონ ამ ბავშვს ან პასუხისმგებელი იყვნენ მის მიტოვებაზე“, – განაცხადა კარიმ ხანმა.
ეს არის კარიმ ხანის პირველი ინტერვიუ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ მოითხოვს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერს.