კარენ დონფრიდი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, მათი გზა ძალიან მკაფიოა, იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან მის გასაკეთებლად
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. მათი გზა ძალიან მკაფიოა, იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან მის გასაკეთებლად, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ აგრძელებს მოლდოვასთან და საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებაში.
„ჩვენ ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი სიგნალები გვაქვს ორივე ქვეყნისთვის ევროკავშირში მათ მომავალთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ მოლდოვასა და საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ რეფორმების განხორციელებაში, რაც დააჩქარებს მათ გაწევრიანებას ევროკავშირში. ჩვენ ამ დახმარებას ვათანხმებთ საკუთარ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოსა და მოლდოვას რეფორმების განხორციელებაში – იქნება ეს კორუფციის საწინააღმდეგო, თუ სასამართლო რეფორმა. ამ დახმარების გაწევის ერთგულნი დავრჩებით. მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა ძალიან მკაფიოა. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, ეს გააკეთონ“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.
ამასთან, კარენ დონფრიდმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განცხადებით, „ეს ომი ვლადიმერ პუტინის არჩევანია“.
„ის, რაც 24 თებერვალს ვიხილეთ, იყო უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და სასტიკი თავდასხმა. აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რასაც ერთად აკეთებს, არის ის, რომ ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი. თქვენ ხედავთ, რომ აშშ უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევს – იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ გავაგრძელებთ ამის უზრუნველყოფას. ამ დახმარებით ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან მივალთ, უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში იყოს. რასაც ვაკეთებთ, შესაძლოა, უპრეცედენტო იყოს მხარდაჭერის მხრივ, თუმცა რასაც უკრაინელები აკეთებენ ჩვენთვის, შთაგონებაა. მათი სიმამაცე, თუ როგორ უწევენ რუსეთს წინააღმდეგობას, როგორ დევნიან მათ თავიანთი სუვერენული ტერიტორიიდან, დიდებულია. ეს არის ის მესიჯი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი იღებს უკრაინელებისგან და შემდეგ, უკვე მთელი მსოფლიოსგან, გაერო-ში იმ კენჭისყრით, რომელიც გასულ კვირას გვქონდა, 143-მა სახელმწიფომ უთხრა მას, რომ რასაც აკეთებს, არასწორია, რომ არ ვაღიარებთ დეკლარაციას, რომლითაც უკანონოდ განახორციელეს უკრაინის ტერიტორიის ანექსირება. ზაპოროჟიე უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა, დონბასი უკრაინაა, – ეს არის მესიჯი, რომელიც მსოფლიოსგან მოდის. ვიმედოვნებთ, ვლადიმერ პუტინი ისმენს ამ მესიჯს და დაასრულებს ომს“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.