კარდინალი პიეტრო პაროლინი - რამდენიმე საათიც კი საკმარისია თბილისში, რომ იგრძნო ქართველი ხალხის კეთილგანწყობა
რამდენიმე საათიც კი საკმარისია თბილისში, რომ იგრძნო ქართველი ხალხის კეთილგანწყობა, მოიხიბლო მისი ღირებულებებით, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით, – ამის შესახებ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა მის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რამდენიმე საათიც კი საკმარისია თბილისში, რომ იგრძნო ქართველი ხალხის კეთილგანწყობა, მოიხიბლო მისი ღირებულებებით, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით მსურს გადმოგცეთ პაპი ფრანცისკეს სალამი, რომელმაც საქართველოში ვიზიტისას განაცხადა – „თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში“, – აღნიშნა პაროლინმა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, წმინდა საყდარი ერთ-ერთი პირველი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებიდან, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური მისია გახსნა თბილისში. კარდინალ პაროლინის სიტყვებით, როგორც მაშინ, დღესაც, წმინდა საყდარი, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებზეც, სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„დღეს საქართველო, რომელსაც ახსოვს თავისი წარსული და ყურადღებით აკვირდება დროთა ნიშნებს, იმედის თვალით უმზერს მომავალს და ესწრაფვის მშვიდობას, როგორც თავისთვის, ისე მთლიანად, რეგიონისთვის, სადაც, სამწუხაროდ, დღესაც შეინიშნება დაძაბულობა და აგრესია. იმედი მაქვს, რომ ყველა მტკიცედ მოიძიებს დიალოგისა და თანხმობის გზებს, ყველას და თითოეულის ღირსების პატივისცემისა და სამართლიანობის ძიების დაუოკებელი სურვილით“, – განაცხადა კარდინალმა პაროლინმა.
წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, კარდინალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ერთად, საოკუპაციო ხაზს ეწვია.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.