კაპიტონ ჟორჟოლიანი - მესტიის მუნიციპალიტეტში ჩამოსულია ეპიდემიოლოგების ექვსი ჯგუფი, რომლებიც ღრმა ეპიდკვლევას დაიწყებენ
ამ დროისათვის მესტიის მუნიციპალიტეტში 3 132 ნომუშია აღებული, – ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგთა ჯგუფები დღეს დილიდან მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას იკვლევენ.
„ამ დროისათვის მესტიის მუნიციპალიტეტში 3 132 ნომუშია აღებული. დღეს დილიდან ეპიდემიოლოგების ექვსი ჯგუფი იმ სოფლებში წავიდა, სადაც მოსახლეობა ჯერ არ გამოუკვლევიათ. ასევე, ჩამოსულია კიდევ ექვსი ჯგუფი, რომლებიც ღრმა ეპიდკვლევას დაიწყებენ.
რაც შეეხება მოსახლეობის პროდუქტითა და სურსათით მომარაგებას, ეს პროცესი გრძელდება. ლენჯერის თემის გარდა, დისტრიბუცია თვითონ შედის ყველგან და მოთხოვნის შესაბამისად ამარაგებენ“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
ამასთან, დაბა მესტიაში ეპიდემიოლოგების სპეციალური შტაბი გაკეთდა, რომელიც მოსახლეობის კონტაქტებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით იკვლევს, მოგვიანებით კი ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს ტესტირება უტარდებათ.
დღეს მესტიაში 500-მდე ადამიანის ტესტის პასუხი გახდა ცნობილი, კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.